ფეხბურთი

22:07 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია "ლეგიას" ლიდერობს (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეექვსე ტურში ვარშავის „ლეგიამ“ „ლოძი“ მისსავე მოედანზე უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა თამაში შემოატრიალეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ვაკო გვილია გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩვენებური არ იყო ძირითად შემადგენლობაში, რაც მხოლოდ დასვენებით იყო გამოწვეული, რადგან პოლონელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში „რეინჯერსს“ ხვდებიან. თუმცა, ვაკოს საქმეში ჩართვა აუცილებელი გახდა.

61-ე წუთზე გამოჩნდა კიდეც მოედანზე, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა. 81-ე წუთზე კი გამარჯვების გოლში უდიდესი როლი ითამაშა. საგოლე შეტევა თავად დაიწყო, იაროსლავ ნიეზგოდასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა. სამაგიეროდ, დამატებაზე ნიეზგოდამ ივარგა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლეგიას“ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 ქულის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება გვილიას, უშუალოდ ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. ჩვენებურს უგოლოდ არც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაუტოვებია.

ვარშავალები მომდევნო მატჩს ხუთშაბათს გლაზგოში, „რეინჯერსთან“ გამართავენ, პირველი მატჩი პოლონეთში უგოლოდ დასრულდა.

0.118688