ძიუდო

15:06 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მცირე ხანში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ჩხვიმიანი ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ იაპონელ რიუჯიუ ნაგაიამას გაეჯიბრა, დამატებით დროში კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ვაზარიზე დასცა.

გადამწყვეტ შერკინებაში ლუხუმის მეტოქე უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილის გამამწარებელ ყაზახ გუსმან კირგიზბაიევს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ჩხვიმიანი შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც ჰონგ კონგელ იუ ლონგ ლაის იპონით მოუგო, შემდეგ კი, გაცილებით მძიმე ორთაბრძოლები გადაიტანა. ქართველმა ზედიზედ 3 რაუნდი იჭიდავა “გოლდენ სქორში” და ესპანელ ფრანსისკო გარიგოსსა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს – ვაზარებით, ხოლო უკრაინელ არტიომ ლესიუკს იპონით სძლია.

მეოთხედფინალში ლუხუმის მოწინააღმდეგე მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი აღმოჩენა – ტაივანელი იუნგ ვეი იანგი გახლდათ, რომელმაც ბრიტანელ ეშლი მაკკენზის, პირველ ნომრად განთესილ რუს რობერტ მშვიდობაძეს, ფრანგ ლუკა მხეიძესა და უზბეკ დიიორბეკ უროზბოევს მოუგო. საბედნიეროდ, ტაივანელის სენსაციური სვლა ქართველმა ძიუდოისტმა შეაჩერა და მას ვაზარით აჯობა.

0.131431