2021 წლის ევრობასკეტზე, რომლის ერთ-ერთ ჯგუფსაც საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, წარმატებას მიაღწია შვეიცარიის ნაკრებმა, მის გარდა კი, მიზანს დიდმა ბრიტანეთმა, რუმინეთმა და დანიამ უწიეს.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიამ უკან ისლანდია და პორტუგალია მოიტოვა და E ჯგუფში საქართველოს, სერბეთსა და ფინეთს გაეჯიბრება.
ბრიტანელებმა კოსოვო და ლუქსემბურგი დაჯაბნეს და G ჯგუფში საფრანგეთს, გერმანიასა და მონტენეგროს შეუერთდნენ.
რუმინეთმა სლოვაკეთსა და კვიპროსს ასევე ოთხივე მატჩი მოუგო და ევროპის პირველობის საგზურისთვის A ჯგუფში, ესპანეთთან, პოლონეთთანა და ისრაელთან იბრძოლებს.
თავის მხრივ, დანიელებმა ბელარუსისა და ალბანეთის წინააღმდეგობა არ შეიმჩნიეს და C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ლიტვა, ჩეხეთი და ბელგია ეყოლებათ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ნაკრები ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული, ფინალურ რაუნდში კი სამ-სამი საუკეთესო ანუ 24 გუნდი გავა.
შესარჩევი ციკლი სტარტს გაისად, 20 თებერვალს აიღებს სტარტს და 2021 წლის 21 თებერვალს დასრულდება: სულ 3 ფანჯარაა დაგეგმილი, რომლის განმავლობაშიც ნაკრებები ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ.
უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 17 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება და მის მასპინძლებს – საქართველოს, გერმანიას, ჩეხეთსა და იტალიას იქ თამაში გარანტირებული აქვთ: ისინი კვალიფიკაციაში უკონკურსოდ ითამაშებენ.