ავტოსპორტი

15:01 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი წასვლას ჯერ არ აპირებს

ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მას შემდეგაც აპირებს დარჩენას, რაც „მერსედესთან“ მიმდინარე კონტრაქტი, მომავალი წლის სეზონის ბოლოს დაუმთავრდება.

ბრიტანელი მრბოლი ახლოსაა მეექვსე ტიტულის მოპოვებასთან. უნგრული დიდი პრიზის შემდგ, ის 62 ქულას უგებს უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ცხრა ეტაპია დარჩენილი, თუმცა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის შემჩერებელი არავინ ჩანს.

თუ ის მიზანს მიაღწევს, მიხაელ შუმახერის რეკორდულ შვიდ ტიტულამდე ერთიღა დარჩება. გარდა ამისა, 10 მოგებაღა აშორებს ლეგენდარული გერმანელის კიდევ ერთ რეკორდამდე - ფორმულა 1-ში 91 რბოლის მოგებამდე, რაც ამ სეზონში უკვე მიუღწეველია. ჰამილტონს ნათქვამი აქვს, რომ ფ1-ში იმდენ ხანს აპირებს დარჩენას, რაც საკმარისი იქნება ორივე რეკორდის გასაუმჯობესებლად.

„ჩვენი ბიჭების უმეტესობა ისევ ისინი არიან, რომლებთან ერთადაც აქ გადმოსვლის შემდეგ მიწევს მუშაობა. ეს გრძელი ერთად გამოვიარეთ და სულ უფრო და უფრო მეტად ვძლიერდებით. ახლა იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს შემდეგი“, - ამბობს ჰამილტონი.

ჰამილტონი დასძენს, რომ მის ყურადღებას ყოველთვის იქცევს სხვა სპორტსმენების კარიერის დასრულების მომენტი. „წარმოდგენა არ მაქვს, სხვა რატომ ჩერდება. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ რბოლები ძველებურად მომწონს. არასდროს მიყვარდა ვარჯიში, სარბოლო უქმეების თავისუფალ პრაქტიკებს კი არა, ტესტებს ვგულისხმობ, ამას ყოველთვის ვამბობდი. მაგრამ ძალიან მომწონს გამოწვევები, შეჯიბრი. ამ უქმეებზე ბონო (სარბოლო ინჟინერი პიტერ ბონინგტონი) თავს შეუძლოდ გრძნობდა, მე კი ვამხნევებდი. წინა კვირაში პირიქით იყო და ის დამეხმარა. ძალიან მომწონს ამ ადამიანებთან ურთიერთობა“.

„მოვა დრო და გაჩერება მეც მომიწევს, მაგრამ ამ ეტაპზე, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფიზიკურად და მენტალურადაც. ამიტომ, ამ ეტაპზე, წასვლის არავითარი გეგმა არ მაქვს. გასაკეთებელი ბევრია, მოსაგები ბევრია, მისაღწევიც ბევრი გვაქვს“, - ამბობს ჰამილტონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119412