ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია პირეოსის „ოლიმპიაკოსი“. ბერძნული ფეხბურთის ფლაგმანი საკუთარ მოედანზე „კრასნოდარს“ დაუპირისპირდა, რომელმაც წინა ეტაპზე „პორტუს“ ბარიერი დაძლია.
„ოლიმპიაკოსს“ რუსულმა გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და „გეორგიოს კარაისკაკისის“ სტადიონზე 0:4 განადგურდა. შედეგად, პირეოსელებმა ჯგუფური ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდეს, თუ რა თქმა უნდა, საპასუხო შეხვედრაში სასწაული არ მოხდება.
ზაგრებში „დინამოს“ ნორვეგიის ჩემპიონი „როსენბორგი“ ასე არ გაუმწარებია, მაგრამ მანაც სოლიდური ფორა მოიპოვა. პეტკოვიჩისა და ორშიჩის გოლებით ხორვატებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მიიღეს, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
ბერნში კი, შვეიცარიისა და სერბეთის ჩემპიონთა პირველმა დუელმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. თუმცა, დაფიქსირებული ანგარიში (2:2) წყვილში უპირატესობა „ცრვენა ზვეზდას“ ანიჭებს, რომელიც საპასუხო შეხვედრას ბელგრადში გამართავს და ბუნებრივია, იმ შეხვედრაში ფავორიტი იქნება.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები 27-28 აგვისტოს გაიმართება.
„დინამო ზაგრები“ – „როსენბორგი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 პეტკოვიჩი (8, პენ), 2:0 ორშიჩი (28)
„ოლიმპიაკოსი“ – „კრასნოდარი“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 გერერო (30), 2:0 რანდიელოვიჩი (78), 3:0 რანდიელოვიჩი (85), 4:0 პოდენსე (89)
„იანგ ბოიზი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 ასალე (7), 1:1 დეგენეკი (18), 1:2 გარსია (46), 2:2 ოარო (76, პენ)