ფრანკ რიბერი ამიერიდან ფლორენციის „ფიორენტინაში“ ითამაშებს. 36 წლის ფეხბურთელი ფლორენციაში უკვე ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რიბერი „იებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმა და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. ფრანგმა აეროპორტში პირველი კომენტარიც გააკეთა.
„აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. „ფიორენტინას“ წარმომადგენლებს უკვე ვესაუბრე, ასევე ველაპარაკე ლუკა ტონის და მითხრა, რომ ეს დიდი გუნდია, ულამაზესი ქალაქით. მომწონს ფლორენცია და გარდა ამისა, იტალიური ენაც ვიცი. დიდ სითბოს ველოდები, მადლობა ყველაფრისთვის“, - თქვა რიბერიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას 2007-2019 წლებში იცავდა და 425 მატჩში 124 გოლი გაიტანა. მანამდე კი, „მარსელის“, „გალათასარაის“, „მეცის“, „ბრესტის“, „ალესისა“ და „ბულონის“ რიგებში უთამაშია. საფრანგეთის ნაკრებში კი 2006-2014 წლებში ჩატარებულ 81 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ რიბერის არაერთი წინადადება ჰქონდა, განსაკუთრებით რუსეთიდან, სადაც „სპარტაკი“, „დინამო“ და „ლოკომოტივი“ იწვევდნენ, მაგრამ ფრანგმა იტალიაში გადაბარგება ამჯობინა.