ჩოგბურთი

1:21 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის მცირე სენსაცია აშშ-ს ღია პირველობაზე

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ მცირე სენსაცია მოახდინა და აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში მე-8 ნომრად განთესილი ჰიზერ უოტსონი (დიდი ბრიტანეთი) 6:4, 6:2 დაამარცხა.

თამაში საათსა და 33 წუთს გაგრძელდა და ქართველ გოგონას 1 ეისი დ 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს 2 და 0), პირველ მოწოდებაზე ბურთების 79% (28-დან 22) მოიგო, მეორეზე კი – 43% (30-დან 13). მარიამმა 7-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოყენა და ბრიტანელზე ცხრით მეტ გათამაშებაში იმარჯვა – 60:51.
ცნობისთვის, 27 წლის უოტსონი საკმაოდ ცნობილი ჩოგბურთელია და 2015 წელს მსოფლიოს 38-ე ჩოგანიც კი იყო, ამჟამად კი, WTA-ს რეიტინგში 101-ე ადგილზეა და მოწინავე ასეულში დასაბრუნებლად იბრძვის.
რაც შეეხება ბოლქვაძეს, ის კლასიფიკაციაში 202-ეა და მის საუკეთესო მაჩვენებელს მხოლოდ 1 ადგილით ჩამორჩება, თუმცა კი, დღევანდელი წარმატება წინსვლის წინაპირობაა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 20 სარეიტინგო ქულა და 18 ათასი დოლარი გამოიმუშავა, მომდევნო წრეში კი სამხრეთ კორეის წარმომადგენელ ნა-ლაე ჰანს (163-ე რეიტინგში) გაეჯიბრება. აზიელმა გოგონამ მსოფლიოს ექს-მეჩვიდმეტე ჩოგან, სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან (ამჟამად, 149-ე) დიდი ბრძოლა გადაიტანა და 4:6, 6:3, 6:3 იმარჯვა.
სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ბადის საწყის რაუნდში წარუმატებლობა შეემთხვა ეკატერინე გორგოძეს. ეკოს მეტოქე მე-10 ნომრად განთესილი ჩინელი ქსიუ ვანგი გახლდათ და ჩვენებურმა მხოლოდ 4 გეიმის მოგება მოახერხა – 1:6, 3:6.

0.133617