ბლოგი

19:24 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სირცხვილის ოთხშაბათი

არავის გვსიამოვნებს ქართული კლუბების დამარცხების შემდეგ წერა. ან რატომ უნდა გვსიამოვნებდეს, რომდესაც დაღმასვლა ასეთი თვალშისაცემია და ამის იქით მხოლოდ უიმედობა იწყება. გასული ოთხშაბათი დიდი სირცხვილის დღე იყო. ჩვენ წავაგეთ. წავაგეთ ერევნის “არარატ არმენიასთან“. წავაგეთ საკუთარ კედლებში და ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიფიქროთ, რატომ და ვისი თუ რისი მიზეზით ვართ ტუჩების კვნეტის ხასიათზე.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს“ მარცხი ის შედეგია, როდესაც ევროპაში დამარცხებული გუნდის ხელმძღვანელობიდან დაწყებული, და ფეხბურთის ფედერაციის თუ სპორტის სამინისტროს მოხელეებით დამთავრებული, ყველანი ჟურნალისტებს იბარებენ, მჭმუნვარე სახით სხდებიან საკონფერენციო დარბაზში და ყოველგვარი ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს და მთელს ქვეყანას.

თავის გამართლება ასეთ დროს უადგილო და არასწორია, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთები თავსაც მშვენივრად იმართლებენ და ზოგიერთი ქართველის უხიაგ ხასიათს თუ გავითვალისწინებით, ბოდიშის მოხდა რომ უხსენო, შეიძლება და კარგა გვარიანი გინებაც მიიღო. ჩვენი ცხოვრება ხომ გინებითა და ტაშით არის გარემოსილი.

დღევანდელი სიტუაცია სწორედ ისეთია, როგორც ძველ ქართულ ზღაპრებში წაგვიკითხავს. ხომ გახსოვთ, მუდმივად სადღაც მოუსვლელში მიმავალ ზღაპრის გმირებს წინ სამი წარწერით დამშვენებული ლოდები რომ ხვდებათ ხოლმე, სადაც აწერია: “აქეთ წახვალ, გველეშაპი დაგხვდება”, “იქით წახვალ, სამთავიანი დევი დაყუდებულა”, გამოსავალი კი როგორც წესი გზის მესამე განშტოებაზეა ხოლმე. ჩვენთან კი, ეს “მესამე გზაც” დაკეტილია, რადგან ამ გზაზე ქართული ფეხბურთის მესვეურები დგანან, რომლებიც დიეგო მარადონასი არ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ტაშსა და ხვევნა კოცნას აღიარებენ. ხოლო, თუ ცოტა სინდისი გიღიტინებს და ტაშის დასაკრავად ხელები ერთმანეთს ძალუმად არ შემოჰკარი, მაშინ შენზე მეტი მტერი ქართულ ფეხბურთს არ ჰყოლია. ჰოდა, სწორედ ესაა ყველაზე დიდი უბედურება.

სომეხი ფეხბურთელების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ არ დამძრახავთ თუკი ვიტყვი, რომ თუ სადმე რაიმე ლოგიკისა და ღირსების მარცვალი არსებობს, საქართველო ფეხბურთში სომხურ გუნდებს ყოველთვის უნდა ამარცხებდეს. მთელი რიგი საფეხბურთო ისტორიული ფაქტორების გამოისობითა და თუნდაც სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, ჩვენი მეზობლები ყოველთვის ჩამორჩებოდნენ ჩვენს ქვეყანას სპორტის ამ კონკრეტულ სახეობაში, მაგრამ ახლა იმდენი “შევძელით”, რომ ისტორიაზე “მაღლა დავდექით” და ეს ისტორიული მარცხიც “გამოვჭედეთ”.

უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, ზედაპირულობაა ჩვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება. მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზედაპირულ ადამიანებს, შედეგებიც შესაბამისი ექნებათ. არადა, როგორი იმედი გვქონდა, რომ წელს მაინც ითამაშებდა ქართული კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. თურმე სულ ტყუილად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110866