კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მეორე მატჩში "რუსთავმა" "სიონს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმის შედეგად გახსნეს, თუმცა მასპინძლებმა ორ წუთში უპასუხეს - თავი ბექა ქავთარაძემ გამოიჩინა. რუსთაველებს კი გამარჯვება დათა სიჭინავამ მოუტანა, რომელმაც მე-80 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.
ამრიგად, ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დროებით დააღწია. "რუსთავი" 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, თუმცა უახლოეს მდევარ გორის "დილას" ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია. რუსთაველები მშვენიერ ფორმაში არიან, რადგან საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შვიდ მატჩში მეხუთე შეხვედრა მოიგეს და 2 ივნისის შემდეგ წაუგებლად ასპარეზობენ.
ბოლნისელებს კი 26 ქულა დარჩათ და მეცხრე ადგილზე გადავიდნენ. მომდევნო მატჩს "სიონი" ბათუმის "დინამოსთან" გამართავს, ხოლო "რუსთავი" სტუმრად გათამაშების ლიდერს თბილისის "დინამოს" შეხვდება.