ფეხბურთი

2:03 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

წითელ სტამბოლთან "ჩელსიმ" ღირსება არ დაკარგა

„ლივერპული“ ევროპის 2019 წლის სუპერთასის გამარჯვებულია. იურგენ კლოპის გუნდმა სტამბოლში „ჩელსის“ დრამატულ ბრძოლაში აჯობა. „ვოდაფონ პარკზე“ შეკრებილმა ქომაგებმა და არამხოლოდ, დიდი სიამოვნება მიიღეს.

თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც ფინალს შეეფერება დახუნძლული იყო ულამაზესი საფეხბურთო ელემენტებით. ორივე გუნდმა ჩინებული თამაში აჩვენეს და სიმართლე რომ ვთქვათ, გამარჯვება ორივემ დაიმსახურა, ანაც დამარცხება არცერთს ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ფინალია, რომელსაც ყოველთვის ერთი გამარჯვებული ჰყავს.

სწორედაც ამიტომ, პენალტების სერია გახდა საჭირო, რომ მარათონული საღამო დასრულდებულიყო. დასრულდა „ლივერპულის“ სათადარიგო კიპერის, ადრიანის ტრიუმფით, რომელმაც ბოლო, გადამწყვეტი პენალტი ტამი აბრაჰამს აუღო და შეხვედრის გმირი გახდა. ალბათ, ესპანელი ცოტა ხნის წინ ამ ყველაფერს ყველაზე ლამაზ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ რეალობაა.

თამაში ორნაწილად დაიყო - პირველ ტაიმში „ჩელსი“ უკეთესი იყო, მეორეში კი „ლივერპული“. ფრენკ ლამპარდის გუნდი ერთობ გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებდა და უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქის დაცვაში, მეტწილად ცენტრალურ ზონაში სივრცეებს ხშირად პოულობდა. შეუდარებელი გახლდათ ნგოლო კანტე, რომლისთვის ბურთის წარმთევა რთული მისია გახლდათ. სწორედ ფრანგის ჩინებული გარჯის შემდეგ კრისტიან პულიშიჩმა მეკარეს პირისპირ ოლივიე ჟირუ შეატოვა და ანგარიში გაიხსნა. დაახლოებით იგივე მომენტი მანამდეც ჰქონდა „ჩელსის“, მაგრამ პედრომ ხარიხა შეაზანზარა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე იურგენ კლოპმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი რობერტო ფირმინოთი ჩაანაცვლა და ბრაზილიელმა სამ წუთში თქვა სათქმელი და სადიო მანეს ცარიელ კარში გაატანინა.

ძირითად დროში მეტჯერ აღარ გასულა. სამაგიეროდ, დამატებითი დროის დასაწყისში მანემ დუბლი გაიფორმა და უკვე „წითლები“ დაწინაურდნენ. თუმცა, „არისტოკრატებს“ 6 წუთი დასჭირდათ წონასწორობის აღსადგენად. ადრიანმა, დაუფიქრებლად დატოვა კარი, ტამი აბრაჰამმა დაასწრო და ესპანელმა თამაშის წესი დაარღვია. პენალტი ჟორჟინიომ ზუსტად დაარტყა და - 2:2.

ადრიანისა და აბრაჰამის პაექრობა ამით არ დასრულებულა. „ჩელსის“ მხრიდან ბოლო, მე-5 დარტყმა ინგლისელს მიანდეს, მაგრამ ადრიანმა გმირის სტატუსი არ დაანება...

აქვე ვთქვათ, რომ „ჩელსიმ“ ევროპის სუპერთასის ფინალი ზედიზედ მესამედ წააგო, ხოლო „ლივერპულმა“ ეს ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

„ლივერპული“ – „ჩელსი“ 2:2 პენ: 5:4 (0:1)

სტამბოლი, „ვოდაფონ პარკი“

მაყურებელი: 41 000

„ლივერპული“ (4-3-3): ადრიანი; გომესი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი (ალექსანდერ-არნოლდი 90); ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი (ვეინალდუმი 64); სალაჰი, მანე (ორიჯი 103), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფირმინო 46)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ჩელსი“ (4-3-3): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი (ტიმორი 84), ემერსონი; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 101); პედრო, ჟირუ (აბრაჰამი 74), პულიშიჩი (მაუნთი 74)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

გოლები: 0:1 ჟირუ (36), 1:1 მანე (48), 2:1 მანე (95), 2:2 ჟორჟინიო (101, პენ)

გაფრთხილება: ჰენდერსონი (85), ალექსანდერ-არნოლდი (107) - ასპილიკუეტა (78)

პენალტების სერია: 1:0 ფირმინო, 1:1 ჟორჟინიო, 2:1 ფაბინიო, 2:2 ბარკლი, 3:2 ორიჯი, 3:3 მაუნთი, 4:3 ალექსანდერ-არნოლდი, 4:4 ემერსონი, 5:4 სალაჰი, 5:4 აბრაჰამი (მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (11) – 20 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 2:11

მსაჯი: სტეფანი ფრაპარი (საფრანგეთი)

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის სტამბოლიდან

0.237244