ჭიდაობა

20:08 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პროტესტის ახალი ტალღა - თავისუფლებმა დარბაზი ისევ დატოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ, რომლებიც აქტიურ მუშაობას ორშაბათიდან შეუდგებიან. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ... რეალურად არავინ იცის, როდის მოახერხებენ, ან საერთოდ მოახერხებენ თუ ვერა ნუგზარ სხირელის (თავისუფალი) და მიხეილ სალაძის (ბერძნულ-რომაული) შტაბები ეროვნული გუნდის შეკრებას. სპორტსმენთა დიდი ჯგუფი დარბაზში შესვლას იქამდე არ აპირებს, სანამ ფედერაციის პრეზიდიუმი არ შეიკრიბება და პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს თანამდებობას არ დაატოვებინებს. ამავდროულად, მოჭიდავეები ხელმოწერებსაც აგროვებენ, მაგრამ მათი გასაჯაროებისგან ჯერჯერობით რატომღაც თავს იკავებენ.

ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საწვრთნელი პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ შეწყვიტა, როდესაც სპორტსმენთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდიუმის წევრებმა კურტანიძე პრეზიდენტად დატოვეს და სამეთვალყურეო საბჭოს სიტუაციის შესაფასებლად და დასკვნის წარმოსადგენად ვადა 24 ნოემბრამდე მისცეს.

თავისუფლებმა პროტესტი რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს, სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ რომან რურუას თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუკა კურტანიძემ მოულოდნელად დანიშნულ ბრიფინგზე სამწვრთნელო შტაბები შეცვალა, პროტესტის ახალი ტალღა დაიძრა. გუშინ ფალავანთა კლუბში ვარჯიში მაინც ძველმა მწვრთნელებმა: რევაზ მინდორაშვილმა, არჩილ ქიტიაშვილმა და დავით პოღოსიანმა ჩაატარეს. გუშინ კი დარბაზში აღარავინ შესულა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ დავით მოძმანაშვილის (120 კგ) განცხადებით, ამ კატეგორიულ ნაბიჯს უკვე ვერანაირი თხოვნა ვეღარ უშველის. დარბაზში სიცარიელე გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის პრეზიდიუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ დანიშნავს. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშაა სეზონის ბოლომდე დარჩენილ საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი მოჭიდავეების გამოსვლის საკითხიც.

ცოტა ხნის წინ, კომენტარი თავად ლუკა კურტანიძემაც გააკეთა. ფედერაციის პრეზიდენტმა მოჭიდავეებს კიდევ ერთხელ ურჩია, ულტიმატუმების ენაზე საუბარს თავი დაანებონ და ქართული ჭიდაობის სამსახურში ჩადგნენ. კურტანიძისვე სიტყვებით, საწვრთნელი პროცესის შეწყვეტით პირველ ყოვლისა თავად სპორტსმენები დაზარალდებიან, რადგან უვარჯიშებლობა საქართველოს მომავალი ჩემპიონატზე ხელს შეუშლით. საქართველოს ნაკრების ახალი შემადგენლობა სწორედ შიდა კონკურენციაში უნდა გამოიკვეთოს.

დაბოლოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიციაზეც:

\"მოჭიდავეებს წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი ელით და ვურჩევთ, საწვრთნელი პროცესი სწრაფად განაახლონ. სპორტის სამინისტრო საბოტაჟს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს”, – გვითხრა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

ვასილ მშვილდაძე

0.115699