ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დათუნაშვილმა განუცხადა, "სერბები ყველანაირად ეხმარებიან, რომ მათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს".
"2 კვირის წინ სერბეთში ვიყავი ჩასული და შეკრებაც გავიარე სერბებთან ერთად. ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ ამ ქვეყნის სახელით ვიასპარეზო და ვნახოთ... მე ვარჯიშს ვაგრძელებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველოს სახელით ჭიდაობის უფლება მაქვს, გეგა გეგეშიძესთან (საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი) მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არც ერთ შეჯიბრზე არ გამოვსულვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რომელიც სწორედ გეგეშიძესთან ინციდენტის შემდეგ მივიღე", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავის მხრივ, დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს, თუმცა გეგეშიძე პოსტზე ამ დრომდე რჩება.
www.ipn.ge