კალათბურთი

13:20 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთთან ბრძოლაში წააგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთთან ბრძოლაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. მონტენეგროში მიმდინარე კონტინენტის B დივიზიონში დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილ გუნდს ჯგუფში 1 მატჩი პორტუგალიასთან დარჩა, თუმცა საუკეთესო ორეულში მოსახვედრად მისი მოგება არ კმარა.

ქართველებმა 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ახლა სამიზნედ მინიმუმ მე-4 ადგილზე გასვლა აქვთ, რათა საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით მაღალი ადგილებისთვის იბრძოლონ. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთვებიან, ხოლო მე-5 და მე-6-ზე გასულები ტურნირზე 17-24 ადგილებს გაინაწილებენ.

რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, საქართველომ ის 12 ქულით – 64:76 დათმო. პირველი პერიოდი ქართველებმა 18:12 მოიგეს, მეორე მეოთხედშიც ტოლსწორად ეთამაშებოდნენ მეტოქეს, თუმცა ტაიმის მიწურულს რამდენიმე შეცდომისა და უზუსტობის გამო, ჩეხებს გაქცევის საშუალება მისცეს. დიდ შესვენებაზე საქართველო 30:39 აგებდა და მატჩის დარჩენილი დრო ჩამორჩენის გაბათილებაში გაატარა. იყო შანსი, საქართველოს მოსაგებად გაეწია, თუმცა ჩეხები დიდი მონდომების ხარჯზე ინარჩუნებდნენ უპირატესობას და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრებში საერთო სარგებლიანობით ლაშა მესხი გამოირჩა, რომელმაც 10 ქულა, 11 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ჩვენს ნაკრებში 18 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, 14 ქულა მიითვალა ლუკა ლიკლიკაძემ, სანდრო კასაბურის ანგარიშზე კი 12 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. შეხვედრა 13 აგვისტოს, თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

საქართველო – ჩეხეთი
სტატისტიკა: 64:76

www.gbf.ge

0.127651