ფეხბურთი

20:15 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამბროლაურში საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა

დღეს ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ახალი მოედანი სფფ-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბექა ოშხერელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, და რეგიონისთვის საფეხბურთო მოედნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე: „ამბროლაურისთვის ისტორიული დღეა, რადგან მრავალი წლის ოცნება ახდა. დღეს გავხსენით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი. ამას გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიხსნა 28 მინი სტადიონი და თამამად შეგვიძლია ითქვას, რომ ამბროლაურს აქვს პერსპექტივა გახდეს სპორტული ტურიზმის ქალაქი“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ. იმედი გვაქს ისინი მომავალში სასახელო ფეხბურთელები გამოვლენ“.

სფფ-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე: „ფეხბურთის ფედერაცია გვერდში დაუდგება მსგავს პროექტებს, თავის მხრივ, გამოგზავნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს შეკრებებზე. ახლაც, ამჟამად აქ იმყოფება ჩვენი აკადემიის სამი ასაკობრივი გუნდი. ეს მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, რადგან მათ მაგალითზე უფრო და უფრო მეტი ჩართულობა მოხდება ფეხბურთში და ზოგადად სპორტში“.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტატი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე საქართველოს ფეხბურთის აკადემიის ასაკობრივი გუნდები.

გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საქართველოს გამოჩენილ ვეტერან ფეხბურთელებსა და რაჭის ვეტერან ფეხბურთელთა შორის თამაში გაიმართა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

კომპლექსის მშენებლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდა. საფეხბურთო მოედნის კომპლექსი ორ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოედანს, 500-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და დახმარე შენობა-ნაგებობებს მოიცავს.

www.gff.ge

0.089833