ფეხბურთი

14:13 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპრული ისტორია: პირველი დარტყმა და სადებიუტო გოლი პრემიერლიგაში 33 წლის ასაკში!

ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „შეფილდ იუნაიტედმა“ პირველივე ტურში ქულის მოპოვება მოახერხა. „ბორნმუთთან“ საგარეო მატჩში მასპინძლები კრის მეპემის გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ კი სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა 82-ე წუთზე მცველ კრის ბაშამის ნაცვლად თამაშში თავდამსხმელი ბილი შარფი ჩართო.

33 წლის ინგლისელს აქამდე პრემიერლიგაში ორი თამაში ჰქონდა ჩატარებული. 2012-2013 წლების სეზონის სტარტზე, როდესაც „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავდა „უიგანთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ ჯამში 18 წუთი გაატარა მოედანზე, თუმცა დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია.

გუშინ კი, 88-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ეს იყო ბილი შარფის პირველი დარტყმა კარის ჩარჩოში და პირველი გოლი ინგლისის პრემიერლიგაში. თანაც, ეს ყველაფერი 33 წლის ასაკში!

შარფს არასდროს ჰქონია გამორჩეული კარიერა, რომელიც სწორედ „შეფილდ იუნაიტედში“ დაიწყო, 2015 წელს კი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და მას შემდეგ იქაა. გასულ სეზონში ჩემპიონშიფში 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ელიტაში აღზევებაში დიდი როლი ითამაშა.

თუმცა, გამორჩეული გოლი 2011 წელს „დონკასტერის“ მაისურით „მიდლსბროს“ გაუტანა, მას მერე, რაც შვილი გარდაეცვალა ორი დღით ადრე. გოლი ბუნებრივია მას მიუძღვნა და მაისურზე ეწერა: „ეს შენთვის, შვილო“.

რვა წლის შემდეგ შარფმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი იზეიმა თავის კარიერაში... საინტერესოა, რომ ბილის ახლა ინგლისის ოთხ სხვადასხვა დივიზიონში აქვს გოლი გატანილი - ინგლისის ლიგა 2, ინგლისის ლიგა 1, ჩემპიონშიფი და ახლა უკვე პრემიერლიგა!

0.141846