3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ბებერმა არწივმა” რუმინეთის წარმომადგენლობით ტურნირში – Bucharest Challanger-ში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლებას საქართველოს ჩემპიონი 2014 წლიდან იღებს, როცა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 3×3 კალათბურთში Geotour-ის ორგანიზება დაიწყო. რიგით მე-6, Geotour 2019-ის გამარჯვებული “ბებერი არწივი” რუმინეთის დედაქალაქში ოპტიმალური შემადგენლობით ვერ გაემგზავრა. გუნდს აკლდა მიხეილ ბერიშვილი და გიორგი კორსანტია, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ვერის ბაღში ყოველდღიურად ვარჯიშობენ.
კორსანტია და ბერიშვილი გუნდში ირაკლი ალხანაიძემ და ლევან ელიაძემ ჩაანაცვლეს, რომლებიც Bucharest Challanger-ზე ზუკა მაჩალაძესა და რეზო ჩაჩანიძესთან ერთად გაემგზავრნენ. “ბებერი არწივი” ჯგუფში ხორვატულ “სპლიტთან” და მონტენეგრულ “ბართან” მოხვდა. ქართველებმა სპლიტელებთან შეხვედრა 16:21 წააგეს, ხოლო ბარელებთან შეხვედრა 15:21 დათმეს. შედეგად, “ბებერმა არწივმა” ვერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა და ტურნირზე ასპარეზობა პირველ სათამაშო დღეს დაასრულა.
www.gbf.ge