ქართულ კლუბებს წლევანდელი ევროსეზონი ჯერ არ დაუმთავრებიათ, მაგრამ გარკვეული დასკვნები უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ.
დავიწყოთ იმით, რომ ახალი არაფერი მომხდარა, ერთგვარი ეიფორიის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ისევ იქ ვართ სადაც აქამდე ვიყავით. ანუ, ძალიან შორს ევროპისგან. ბიჭებს თითქოს მონდომება არ აკლიათ, მაგრამ მხოლოდ მონდომების ხარჯზე რომ ფონს ვერ გახვალ, ესეც ფაქტია.
ისე, საოცარი ხალხი ვართ. საკმარისი იყო „დინამოს“ ორიოდ მწყობრი შეხვედრა ეთამაშა და ფეხბურთელ-მწვრთნელიან, გულშემატკივრიან, ჟურნალისტიანად თითქოს დავიჯერეთ, რომ „ფეიენოორდის“ დონის გუნდს ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით. თუმცა ეს სურვილი უფრო იყო, ვიდრე დაჯერება. თან 38 წლის წინანდელი აბავიც სხვაგვარ პეწს სძენდა ყველაფერს.
წლევანელი ევროკამპანია შედარებით წარმატებულად მოვნათლეთ და ამაში იყო ჭეშმარიტების მარცვალი. მით უმეტეს, „დინამოს“ შემთხვევაში - ოთხი მატჩი, ოთხი მოგება, 12 გატანილი გოლი და არცერთი გაშვებული.
იქ „საბურთალოს“ ტირასპოლში 3:0 და, ასე შემდეგ.
ზემოთ ვთქვით, წინანდელთან შედარებით თითქმის არაფერი შეცვლილაო და ახლა ვეცდებით განვმარტოთ ჩვენი ნათქვამი.
ცხდია, არც „შერიფს“ ვაკნინებთ, არც „ენგორდანს“ და არც „გაბალას.“ მაგრამ საკმარისი იყო მეტ-ნაკლებად ძლიერი მეტოქე შგვხვედროდა და უკვე მერამდენედ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა.
ზაგრების „დინამო“ არ არის ევროპული საზომით საშუალო გუნდიც კი. სადღაც საშუალოსთან მიახლოებულია. ორივე მატჩი “საბურთალომ“ ბოლოსკენ წააგო. თბილისში ერთ საათს გაუძლეს, პირველ ტაიმში ჯობდნენ კიდეც, ერთი ბურთი გაუშვეს და დაამთავრეს თამაში.
ზაგრებში საბურთალოელებმა ისევ აჯობეს მეტოქეს პირველ ნახევარში, მაგრამ ხორვატებმა განგებ დაგვითმეს ტერიტორია, მერე კი ამოძრავდნენ და ბოლო 13 წუთში სამჯერ გაიტანეს. მერე საბურთალოელთა დამრიგებელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა: პრობლემა დაღლილობაში კი არა, მენტალობაშიაო. ასეცაა.
მერე იყო „ჩიხურას“ 0:5 აბერდინში... იგივე მიზეზი. თორემ ძნელი წარმოსადგენია „აბერდინი“ „ჩიხურას“ ასე სჯობდეს. მათგანაც მხოლოდ სახელია დარჩენილი და სწეორედ ამ სახელს ვერ გაუმკლავდნენ საჩხერელები.
ხუთშაბათს „დინამოც“ ყოჩაღად იდგა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გასახსენებელი არაფერი გაუკეთებია, ტაიმის მიწურულამდე მშრალად ინახავდა კარს, მაგრამ როტერდამელთა „გასახდელის გოლმა“ ისევ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მეორე ტაიმის ბოლოს კი 7 წუთიან მონაკვეთში სამი ბურთი გაუშვეს.
არ გეცნობათ სიტუაცია? ბოლო წუთები, არეული ქართული გუნდები და პანტა-პუნტით გასული გოლები.
მეორე ტაიმში ფეხმტკივანი ლევან შენგელია აკაკი შულაიამ შეცვალა და აქტიურად ჩაერთო თამაშში. ერთხელ შესანიშნავი დრიბლინგითაც დაგვამახსოვრა თავი. მაგრამ „მოახერხა“ და ორი წუთის ინტერვალში ორჯერ „გამოსტყუა“ მსაჯს ყვითელი, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. სწორედ მისი მინდვრიდან გასვლას მოჰყვა მასპინძელთა მეორე გოლი (უფრო სწორად, კობოურის ავტოგოლი), რომელმაც საერთოდ დაშალა „დინამო.“
აქაც მენტალობისა და პროფესიონალიზმის ამბავია. არადა, ორივეჯერ უწყინარ სიტუაციებში მიიღო ყვითლები აკაკიმ.
ახლა „საბურთალოზეც“ ვთქვათ. მათმა ლიდერმა, გიორგი კოხრეიძემ, ევროკამპანიის პირველ სამივე საწყის შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი და ზაგრების „დინამოსთან“ გამოტოვა საპასუხო შეხვედრა. დისკვალიფიკაცია მოიხადა და „არარატ-არმენიასთან“ პირველივე წუთზე ისევ გააფრთხილეს...
ჩვენი მიზანი სულაც არ არის ქართველი ფეხბურთელების კრიტიკა. პირიქით. სიმართლე რომ ვთქვათ, „საბურთალო“ ევროპული ტურნირების დებიუტანტია და ფონს ძირითადად საკუთარ აკადემიაში გაზრდილი ბიჭებით გადის.
ამ ფორმაციის „დინამოსაც“ ვერ მოვთხოვთ ბევრს. აქაც თითქმის სულ უწვერული ყმაწვილები თამაშობენ და ევროგამცდილება საიდან უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, როტერდამის „დე კუიპზე“ ისეთი საგიჟეთია ხოლმე, ძალიან გამოცდილ გუნდებსაც უჭირთ იქ თამაში.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ წლები წლებს მისდევს და არაფერი იცვლება. ეს თავდაუჯერებლობა კი თაობიდან თაობას გადაეცემა. კარგა ხანია გამარჯვებულის მენტალიტეტი დავკარგეთ და ამას რომელიმე გუნდის თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა თუ უშველის. სხვებიც დაიჯერებენ რომ „იქ“ ჩვენი ადგილიც არის და შორს გაიხედავენ.
მაგრამ, შორს გახედვაცაა და შორს გახედვაც. როცა სეზონის შუაში ეროვნულ ლიგაში გუნდები იშლებიან, რომელ ევროთასებზეა საუბარი.