27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელ საშა ზვერევთან მორიგი დრამატული დაპირისპირება გადაიტანა, თუმცა, ჰამბურგის ტურნირისგან განსხვავებით, მონრეალის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 338 885 დოლარი) 5:7, 7:5, 6:7 (5:7) დამარცხდა.
მერვედფინალური შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა და ნიკას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელისთვის არაფერი დაუთმია. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გერმანელმა ქართველზე მხოლოდ ერთით მეტი გათამაშება (117:116) მოიგო.
მარცხის მიუხედავად, ბასილაშვილს კანადური ტურნირი აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. ნიკოლოზმა მონრეალში 90 სარეიტინგო ქულა შეიმატა და 2020 ქულით ატპ-ს ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილი შეინარჩუნა.