„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე მიიჩნევს, რომ როტერდამში „ფეიენოორდთან“ მის გუნდს მე-80 წუთამდე ურიგოდ არ უთამაშია. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მსაჯის გადაწყვეტილებამ და ფეხბურთელის გაძევებამ თამაშის სცენარი მთლიანად შეცვალა.
„რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. ვფიქრობ, მე-80 წუთამდე ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილებით მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით და ამან მთლიანად შეცვალა თამაშის სცენარი, გუნდი მოიშალა.
ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ ამ მატჩისთვის. მოედანზე კარგად ჩანდა, რომ გაძევებამდე ყველაფერი ასე თუ ისე, ნორმალურად მიდიოდა. ჩემი სუბიექტური აზრით, მსაჯის გადაწყვეტილები მაინცდამაინც სამართლიანი გაძევებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონიათ.
შენგელიას შეცვლა? ასეთი გადაწყვეტილება ტაქტიკური ცვლილებით იყო განპირობებული. ის ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პერსონაა.
კარიკარი და დაფე? მინდა ვთქვა, რომ გუნდში ყველა ფეხბურთელი მზადაა თამაშისთვის, ამიტომ ახლა ვერ გეტყვით, რა შემადგენლობით ვითამაშებთ მომდევნო მატჩს. სახლში ვითამაშებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. მინდა ვთქვა, რომ გვექნება გულშემატკივრების იმედიც. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ უეფას გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ვისენტემ.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის, მაგრამ „დინამოს“ გასაჩივრების უფლება უახლოეს 5 დღეში აქვს და ამ უფლების გამოყენებას თბილისური გუნდი აპირებს.