ვიცოდით, რომ „ფეიენოორდი“ არც „გაბალა“ იყო და მითუმეტეს არც „ენგორდანი“. ისიც ვიცოდით, რომ „დინამოს“ „დე კუიპზე“ ურთულესი მატჩი ექნებოდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობდა. იმედი იმისა, რომ საპასუხო შეხვედრას თბილისში ინტრიგა ექნებოდა.
თუმცა, ფაქტია, „დინამო არენაზე“ ერთი კვირის შემდეგ მატჩ უმაყურებლოდ ჩაივლის (ყოველშემთხვევაში უეფას ამჟამინდელი გადაწყვეტილებით ასეა) და ინტრიგის გარეშეც. ძნელია ამ ვითარებაში როტერდამში განცდილი ოთხბურთიანი წაგების შემდეგ ქამ-ბექზე და პლეი-ოფზე ფიქრი, მეტიც, წარმოუდგენელი და არალოგიკურია.
„დინამო“ როტერდამში 38 წლის შემდეგ დაბრუნდა და კონკრეტულად „დე კუიპზე“ ისევ წააგო, მაგრამ ამჯერად არაფერ შუაში იყო მთავარი მსაჯი (მიუხედავად იმისა, რომ პენალტი დანიშნა თბილისელთა კარში და ფეხბურთელიც გაუძევა). ამჯერად, მარცხის ობიექტური და მკაფიო მიზეზები იყო. იქ სხვა ტემპია, იქ სხვა დონეა, იქ სხვა ფიზიკური მომზადებაა, იქ სხვა ფსიქოლოგიაა და იქ უბრლოდ სხვა რეალობაა, სხვა ფეხბურთია.
ფსიქოლოგიური ასპექტი შემთხვევით არ მიხსენებია. ავად თუ კარგად, „დინამო“ ახერხებდა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე საპატიო 0:1 შეენარჩუნებინა, მაგრამ ბოლო წუთებში გატყდა, მოიშალა, ფეხბურთელებმა თამაშის სურვილი დაკარგეს და ეს ცალსახად, პირველ რიგში მენტალობაზე მიანიშნებს. ცხადია, მსგავსი რამ ბევრ უფრო მაღალი კლასის გუნდსაც დამართნია, მაგრამ ახლა ჩვენ „დინამოს“ შესახებ ვსაუბრობთ.
90 წუთში ფელის ვისენტეს გუნდს მეტოქის კარისკენ გახედილს იშვიათად ნახავდით. ეს მოხდა თითო ტაიმში თითოჯერ და ორჯერვე შორეული დარტყმებით. ჯერ ლევან შენგელიამ გაისროლა და ვერმეერს დიდი პრობლემა არ შექმნია. სამაგიეროდ, ჰოლანდიელთა კიპერს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა მოუხდა მეორე ტაიმში ნოდარ ქავთარაძის შესანიშნავი მცდელობისას და აშკარა გოლისგან იხსნა თეთრ-წითლები. ეგ იყო და ეგ, დანარჩენი „დინამოს“ თავდაცვა უწევდა და 80 წუთი ასე თუ ისე, დაიცვა, მაგრამ მერე ვეღარ გაახერხა. პირველ ტაიმში, 42-ე წუთზე კარგი კომბინაცია როტერდამელთა გოლით დასრულდა. სტივენ ბერგუისის გამოზომილ პასს ლუის სინისტერა გამოეხმაურა და - 1:0.
სხვათა შორის, შენგელია შესვენებაზე აკაკი შულაიამ შეცვალა და სწორედ მისმა გაძევებამ იქონია დიდი გავლენა საბოლოო შედეგზე. ქართველმა ფეხბურთელმა ორ უწყინარ, არაფრის მომცემ ვითარებაში, ორწუთიან ინტერვალში მოასწრო ყვითელი ბარათების მიღება და შედეგად, მოედანი ნაადრევად დატოვა. სწორედ მის მიერ მეორე დარღვევაზე დანიშნულ სტანდარტს მოჰყვა „დინამოს“ კარში მეორე გოლი. კობოური ბურთის კუთხურზე მოგერიებას ცდილობდა, თუმცა, კარგად ვერ გათვალა და ავტოგოლი მიითვალა. გავიდა კიდევ ორი წუთი და მონხილმა საჯარიმოში ხელით ითამაშა - პენალტი სტივენ ბერგუისმა დაარტყა ზუსტად. სულ მალე კი ლუსიანო ნარსინგის ჯერიც დადგა - 4:0.
რა უნდა ვთქვათ, ალბათ ეს ეტაპი „დინამოს“ მაქსიმუმი იყო ამჯერად. ცხადია, შეიძლებოდა წილისყრაში გამართლება, რაც ვისენტეს გუნდს პლეი-ოფამდე მისვლის შანსს გაუზრდიდა, მაგრამ ფაქტია, „ფეიენოორდამდე“ და ევროპამდე ჯერ ისევ დიდი დისტანციაა.
„ფეიენოორდი“ – „დინამო“ 4:0 (1:0)
როტერდამი, „დე კუიპი“
მაყურებელი: 45 000
„ფეიენოორდი“ (4-3-3): ვერმეერი; ნიუვკუპი (გეტრუიდა 46), ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი; კოკჩუ, ტაპია (ბურგერი 77), ფერი; სინისტერა (ნარსინგი 72), ბერგუისი, ლარსონი
მწვრთნელი: იააპ სტამი
„დინამო“ (4-3-3): პერალესი; რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე; კუხიანიძე (ქარდავა 77), პაპავა, ნინუა; შენგელია (შულაია 46), კუტალია, ქავთარაძე (კარიკარი 87)
მწვრთნელი: ფელის ვისენტე
გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (81, ა.გ), 3:0 ბერგუისი (85, პენ), 4:0 ნარსინგი (87)
გაფრთხილება: ტაპია (68), ჰაპსი (68) - კუხიანიძე (29), კუტალია (36), ქიმაძე (65), შულაია (76, 78)
გაძევება: შულაია (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები:18 (9) -4 (3) კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: სერგეი ბოიკო (უკრაინა)