საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა წარუმატებელი სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომლის მატჩებსაც მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა მასპინძლობს.
დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ჰოლანდიასთან შეხვედრა ყოჩაღად დაიწყო და 13:0 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ შეცდომებს მოუხშირა, არაერთი იოლი შეტევა გააცუდა და 51:59 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჭაბუკებმა 15-ვე სამქულიანი და 11 საჯარიმო ააცილეს, 49 ორქულიანიდან კი მხოლოდ 17 ჩააგდეს, რის ფონზეც წარმატებაზე ფიქრი რთული გახლდათ.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ლუკა ავალიანი იყო 14 ქულით, თუმცა, მან თამაშიდან 17-დან მხოლოდ 4 ტყორცნა გამოიყენა, ლუკა ლიკლიკაძემ 13 ქულა მიითვალა, სანდრო კასაბურმა კი – 10.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო მატჩს 9 აგვისტოს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელიც დღეს ჩეხეთს გაეჯიბრება. ჩვენთვის საინტერესო B ჯგუფში ასევე ირიცხებიან პორტუგალია და კვიპროსი, რომელთა დღევანდელი შეხვედრა პირეენელთა გამარჯვებით დასრულდა – 59:46.