საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატს უბრუნდება და მომავალ სეზონს “სან პაბლო ბურგოსში” გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის მაკფადენმა გასული სეზონი სწორედ ACB-ლიგაში დაჰყო და ერთბაშად ორ გუნდში – “ხუვენტუტსა” და “იბეროსტარ ტენერიფეში” თამაში მოასწრო.
პირველ შემთხვევაში, მისი საშუალო მონაგარი 9.3 ქულა, 1.1 მოხსნა და 1.5 პასი იყო, კუნძულელთა მაისურით კი, საშუალოდ 12.4 ქულას, 1.5 მოხსნასა და 2.3 პასს აგროვებდა.
წინა სეზონის მე-2 ნახევარში თადმა უკვე ჩინურ “ვუჰანს” მიაშურა და იქ ბოლომდე გაილაღა: 14 შეხვედრაში მისი საშუალო მაჩვენებლები 36.1 ქულა, 6.3 მოხსნა, 7.7 პასი და 1.5 ჩაჭრა გახლდათ.
ვთქვათ ისიც, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში “ბურგოსმა” 15 მოგება და 19 მარცხი მოაგროვა, მე-10 ადგილზე გავიდა და საპლეიოფო ზონამდე 2 გამარჯვება დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ მაკფადენი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ითამაშა.