ჭიდაობა

12:45 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი მოჭიდავე ფინალშია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) მიმდინარე ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, დღეს, პირველი ჩემპიონების ვინაობას გავიგებთ და სასიხარულოა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე წონაში ფინალისტი გვყავს.

ბექა ლომთაძემ (61 კგ.) ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით – 13:0 დაამარცხა აზერბაიჯანელი პავრიზ იბრაგიჰოვი და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კიდევ ერთ აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს შეხვდება. ამ უკანასკნელმა გზიდან ამერიკელი შელტონ მაკი ჩამოიცილა.
კოტე ხაბალაშვილმა (70 კგ.) დაძაბულ ბრძოლაში თანამემამულე მირზა სხულუხიას სძლია და თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ირანელ იონეს ემამიჩოგაეის შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ლევან ქელეხსაშვილს მოუგო.
ზურაბ ერბოწონაშვილმა (79 კგ.) დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 2:1 სძლია ტარიელ გაფრინდაშვილს და ფინალში ირანელ ტეიმურ ბაჰმანის შეხვდება, რომელმაც აზერბაიჯანელი რაშად იუსიფლი დაჯაბნა. თავის მხრივ, გაფრინდაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ირაკლი მწითურმა (92 კგ.) თანაგუნდელ ბექა ნადაშვილს 10:0 მოუგო და თბილისის ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდება. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ქუთაისელი მექი სიმონია დაამარცხა.
“თავისუფლებისგან” განსხავებით, ტურნირის პირველ დღეს კარგი შედეგები არ ჰქონიათ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს. ნახევარფინალში მხოლოდ გიორგი ხუჭუა (72 კგ.) გავიდა, რომელმაც აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ბალავაძე-კარტოზიას თბილისის საერთაშორისო ტურნირის მე-2 დღეს საქმეში თავისუფლების 57, 65 და 74 კ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლებ ვხილავთ, ბერძნულ-რომაულში კი - 60, 67, 77 და 87 კგ-ს.
Live! რაგბი TV http://www.myvideo.ge/tv/rtv
ხალიჩა A - https://www.youtube.com/watch?v=cKT6A3y4hic
ხალიჩა B - https://www.youtube.com/watch?v=A9BxhCy6mMk
ხალიჩა C - https://www.youtube.com/watch?v=w3RKbJAln4s

შეგახსსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საბოლოოდ, სწორედ ამ ტურნირის შემდეგ დაკომპლექტდება. რამდენიმე წონით კატეგორიაში, სწორედ აღნიშნული შეჯიბრება გაარკვევს, თუ ვინ იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე.

ტურნირის გამარჯვებული, ჯილდოს სახით 1000$-ს მიიღებს, მეორე ადგილი – 800$, მესამე ადგილი – 500$. კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 10 აგვისტოს დასრულდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

0.124995