ფეხბურთი

21:07 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო"!

საქართველოს ჩემპიონმა „საბურთალომ“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩინებულად ითამაშა და ერევანში „არარატ-არმენია“ დაამარცხა.

რა თქმა უნდა, ჯერ ორრაუნდიანი ბრძოლა არ დამთავრებულა, მაგრამ ფაქტია გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პლეი-ოფთან უკვე ძალიან ახლოსაა.

რესპუბლიკურ სტადიონზე ორი განსხვავებული ტაიმი იყო და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასწარ შემუშავებული გეგმა გახლდათ.

თითქოს, „საბურთალომ“ პირველ ტაიმში მეტოქე შეისწავლა, ძალებიც დაზოგა, თან დამალა და მეორე ნახევარში გამოაჩინა თავისი შესაძლებლობები. მართლაც ასე იყო, პირველ ნახევარში „არარატ-არმენია“ გაცილებით გააზრებულად თამაშობდა და „საბურთალოს“ კართან არაერთი პრობლემაც შეიქმნა. 31-ე წუთზე კი ანტონ კობაილკომ ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნა მოახერხა. რუსი ფორვარდი მცველებს გამორჩათ და ცარიელ კარში გატანა მისთვის პრობლემა არ ყოფილა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონმა ჩინებული თამაში აჩვენა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. რაც მთავარია, „საბურთალომ“ მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყო და გოლის გატანა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

თავდაპირველად ოგნიენ როლოვიჩის დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანეს, მერე გიორგი კოხრეიძემ მცირედით არაზუსტად დაარტყა. მესამე რეალური შანსი გიორგი გაბედავას ჰქონდა, რომელიც გეგა დიასამიძის შესანიშნავი პასის შემდეგ ვალდებულიც იყო, რომ გაეტანა, მაგრამ მომენტი ქარს გაატანა.

მერე, ლევან ყენიას დებიუტიც შედგა და ისედაც შეცვლილი თამაშის სურათი კიდევ უფრო შეიცვალა. „საბურთალომ“ მწვავედ შეტევა განაგრძო განსაკუთრებით ნიკა მალი აქტიურობდა მარჯვენა ფლანგიდან. სწორედ მალის აქტივობის შემდეგ გათანაბრდა ანგარიში. ყენიამ ვერ დაარტყა, მაგრამ სანდრო ალთუნაშვილი იქვე იყო და წონასწორობა აღდგა.

ზუსტად 4 წუთში თბილისური გუნდი დაწინაურდა. გამარჯვების გოლი კი ლევან ყენიას ანგარიშზეა, რომელმაც სოლორეიდის შემდეგ მოახერხა ზუსტად დარტყმა და „საბურთალოში“ დებიუტი გოლით აღნიშნა.

2:1 და წინ თბილისური მატჩია. ფაქტია, „საბურთალომ“ პლეი-ოფისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთა და ერევნიდან ჩინებულ განწყობაზე ბრუნდება.

„არარატ-არმენია“ – „საბურთალო“ 1:2 (1:0)

ერევანი, „ვაზგენ სარგსიანი“

„არარატ-არმენია“ (4-2-3-1): კუპიჩი; პაშოვი, მენესესი, გუზი, აჩენტეჰი; ალფონსი, მალაქიანი (ანტონოვი 57); ნარსინგი, ავეტისიანი (სანოგო 78) , ლიმა; კობაილკო (ოგანა 71)

მწვრთნელი: ვარდან მინასიანი

„საბურთალო“ (4-4-2): მიგინეიშვილი; მალი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; დიასამიძე, ალთუნაშვილი, ტერა (ყენია 71), კოხრეიძე (ცნობილაძე 84); გაბედავა, როლოვიჩი (მარგველაშვილი 57)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 კობაილკო (31), 1:1 ალთუნაშვილი (72), 1:2 ყენია (78)

გაფრთხილება: აჩენტინი (45), გრუზი (85), ანტონოვი (90) - კოხრეიძე (1), დიასამიძე (15), გაბედავა (15), რეხვიაშვილი (50), კაკუბავა (82), მიგინეიშვილი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (0) – 9 (6) კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ალან ბიერი (შვეიცარია)

0.116186