ფეხბურთი

20:41 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო" თბილისი როტერდამშია

უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის გასამართად „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ, „დინამო თბილისი“ 38 წლის შემდეგ, კვლავ როტერდამშია. „დინამო თბილისის“ ამ შემადგენლობას, 1981 წლის გუნდიდან მხოლოდ ზაურ სვანაძე ახლავს, რომელიც ამჯერად, ქართული კლუბის სამწვრთნელო შტაბშია.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი, ჰოლანდიურ ქალაქში „აირზენას“ ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. გუნდს თან ახლავს „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლები, რომლებსაც ჰოლანდიურ სკოლებთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ, 15 ქართველი ჟურნალისტი, გულშემატკივართა კლუბის „ელიტას“ ნაწილი.

„ფეიენოორდი“ – „დინამო თბილისის“ მატჩზე დასასწრებად, ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ეროვნული ნაკრების მენეჯერი და სხვა ოფიციალური პირები.

ჩარტერული რეისი, როტერდამში დაახლოებით საათნახევრის წინ ჩამოფრინდა. გუნდი, სასტუმრო „ნჰოუ როტერდამში“ დაბინავდა და მცირე შესვენების შემდეგ მოკლე ვარჯიშიც გამართა.

ხვალ, მატჩისწინა პრესკონფერენცია და ვარჯიში იგეგმება და ჩვენც, შეძლებისდაგვარად, შევეცდებით ინფორმაციის მოწოდებას.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის თამარ ჯიშკარიანი როტერდამიდან

0.145961