ირლანდიის წინააღმდეგ გასამართ ტესტამდე 5 დღით ადრე, “ბორჯღალოსნები” დუბლინში მოედანზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუნდმა გუშინდელი დღე ფიზიკური ფორმის აღდგენას და ანალიზს დაუთმო.
საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში, რომელიც 16 ნოემბერს დუბლინში “ავივა სთედიუმზე” გაიამრთება, “ბორჯღალოსნები” ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
“შაბათის დაძაბული მატჩისა და აქეთ გადმოფრენის შემდეგ, ძალები გვარიანად აღვიდგინეთ. გუშინდელი დღე ტონგას წინააღმდეგ გამართული მატჩის განხილვას დავუთმეთ და უკვე გავაანალიზეთ რამოდენიმე სისტემური შეცდომა, რაც ირლანდიასთან თამაშისათვის უნდა გამოვასწოროთ.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კვირაში კარგად მოვემზადოთ, რადგან ირლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს”, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.