ბლოგი

17:45 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფული, პოლიტიკა და საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტების ახალი კასტა

საფეხბურთო იდეალისტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფეხბურთი ბიზნესად იქცა, სპორტულ მხარეს ეკონომიკური ფაქტორები ჩაენაცვლა და ასეთი მიდგომები გულშემატკივრისათვის მიუღებელია, მაგრამ ერთია მოთქმა-გოდება და მეორეა რეალობა, რომლისაგან გაქცევა უბრალიდ არასწორი იქნება.

“მანჩესტერ იუნაიტედი“ როდესაც ცნობილმა ამერიკელმა მილიარდელებმა, გლეიზერებმა შეიძინეს, ამ კლუბის ქომაგები ლამის შოკში ჩავარდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ გლეიზერები მხოლოდ ფულზე ფიქრობდნენ და დიდ შიშში იყვნენ, აქაოდა ჩვენი გუნდი “მანჩესტერულ სულს“ დაკარგავსო თუმცა, ქომაგების შიში საბოლოოდ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ეს არის საკმაოდ კარგი ნიმუში იმისა, რომ წინასწარ განგაშის მოწყობა და თავში ხელების ცემა არ შეიძლება. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ როდესაც კლუბს ახალი მეპატრონე ყიდულობს, გულშემატკივრებს ერთგვარი მარჩიელობა უწევთ იმის დასადგენად, ახალ პრეზიდენტს ფეხბურთი უფრო მეტად აინტერესებს თუ ჯიბის გასქელება.

თუკი ცუდ ტენდენციაზე ვსაუბრობთ, მაშინ ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ბიზნესმენი ამა თუ იმ კლუბს ვალად აღებული ფულით ყიდულობს. პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ რაკიღა ეს ვალი დასაფარია, ახლადგამომცხვარი კლუბის პრეზიდენტი უპირველეს საკითხად ამ ვალის დაფარვას დააყენებს და ბევრი მარჩიელობა არც იმას სჭირდება, რომ ვალის დაფარვას შეძენილი კლუბის ფულით შეეცდება. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში კლუბის სხვა წვრილმა აქციონერებმა და გულშემატკივრებმა? აი ეს არის მთავარი და დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა...

გერმანელი სპორტული მიმომხილველი, ევანდ აინგარტი წერს: “ძნელია გაიხსენოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც გულშემატკივარს კლუბის დირექტორატის მუშაობა მოსწონს. გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმალისტია და ეს მაქსიმალიზმი ხშირად ძალიან კარგ სამსახურს უწევს კლუბის განვითარების პროცესს. თუკი გულშემატკივრებისაგან არ იქნება მოთხოვნები და სურვილი, რომ კლუბი გაძლიერდეს, შეიძინონ ახალი მოთამაშეები ან მწვრთვნელი, გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტების დიდი ნაწილი თავსაც არ შეიწუხებდა ამისათვის“.

ბოლო წლებში რუსულ ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ჩაიდო, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა ნებაყოფლობითი და სწორად გათვლილი ინვესტიცია. შეერთებულ შტატებში გამომავალმა რუსულენოვანმა გაზეთმა “რუსული სახლი“, ამ საკითხს საკმაოდ ვრცელი, ერთგვარი საგამოძიებო სტატია მიუძღვნა.

“რუსულ სახლს“ თუ დავუჯერებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ცალკეულ ბიზნესმენებს პირდაპირ დაავალა, შეეძინათ ესა თუ ის საფეხბურთო კლუბი და ბიზნესმენებს მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემოდათ თავიანთი ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელების უფლება. ამ გზით, რუსული საფეხბურთო კლუბების მფლობელები გახდნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც ფეხბურთი შესაძლებელია მეასეხარისხივანიც კი იყოს, მაგრამ იძულებულნი არიან ყოველწლიურად გარკვეული თანხები დახარჯონ.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბევრი ლეგიონერი საუბრობს იმ “უცნაურობებზე“ რაც ამ ქვეყნის ფეხბურთში ხდება. შესაძლებელია გუნდს სულაც არ სჭირდებოდეს რომელიმე რგოლის, ვთქვათ დაცვის ან ნახევარდაცვის გაძლიერება, მაგრამ რაკიღა “ზემოდან“ აქვთ ფულის ხარჯვის ბრძანება მიღებული, იძულებულნი არიან შეიძინონ საეჭვო პროფესიონალიზმის მქონე უცხოელი (მეტწილად სამხრეთამერიკელი) ფეხბურთელები და ვალი მოიხადონ მთავრობის წინაშე.

ასეთმა მიდგომებმა რუსეთში წარმოშვა კლუბების პრეზიდენტების სრულიად ახალი კასტა. ეს ადამიანები შეგვიძლია ქართული მხატვრული ფილმის “ფეოლას“ მთავარ გმირს, ნაძალადევად გამწვრთვნელებულ სახლმმართველს შევადაროთ, რომელსაც ფეხბურთის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და თავის უფროსს ბავშვთა გუნდის მწვრთვნელობაზე დათანხმდა.

გულშემატკივრებსა და კლუბების პრეზიდენტებს შორის უთანხმოება და კონფლიქტი თანამედროვე ფეხბურთისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ძნელი სათქმელია ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარებას რამდენად აფერხებს, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული კლუბის პრეზიდენტების ეპოქა წარსულს ჩაბარდა და საფეხბურთო სამყაროს ახალი რეალობისათვის მოუწევს თვალის გასწორება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164643