ფეხბურთი

1:50 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" სეზონი გერმანიის სუპერთასით დაიწყო (+VIDEO)

გერმანიის 2019 წლის სუპერთასის გამარჯვებული „დორტმუნდი“ გახდა. გერმანული საფეხბურთო სეზონი „სიგნალ იდუნა პარკზე“ მასპინძლისა და მოქმედი ჩემპიონის, მიუნხენის „ბაიერნის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

ლუისენ ფავრის გუნდმა მთლიანობაში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გახსნა სეზონი ტიტულით. თანაც, პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებით.

საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ გოლები მხოლოდ მანუელ ნოიერის კარში გავიდა. ეს მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ჯერ ტიაგო ალკანტარას უყურადღებობით დაწყებული შეტევა პაკო ალკასერმა დააგვირგვინა, ხოლო შემდეგ კონტრშეტევა ჯეიდონ სანჩომ დაასრულა შედეგიანი დარტყმით.

„დორტმუნდმა“ ისტორიაში მეექვსედ მოიგო გერმანიის სუპერთასი, ხოლო „ბაიერნს“ გაძლიერება სჭირდება და ეს დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. ნიკო კოვაჩს სათადარიგო სკამზე არ აღმოაჩნდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გააძლიერებდა და გარდატეხას შეიტანდა. შესაძლოა, ეს ბუნდესლიგაში საკმარისი გამოდგეს, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე „რეკორდმაისტერს“ ძალიან უნდა გაუჭირდეს.

„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ 2:0 (0:0)

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ჰიტცი; პიშჩეკი (ვოლფი 81), აკანჯი, ტოპრაკი, შულცი; ვიტსელი, ვაიგლი; სანჩო (ლარსენი 81), როისი, გერეირო (ჰაკიმი 75); პაკო ალკასერი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ბოატენგი, ალაბა (რენატუ 70); გორეცკა, ტიაგო ალკანტარა (პავარი 80), ტოლისო; მიულერი (დევისი 66), ლევანდოვსკი, კომანი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (48), 2:0 სანჩო (69)

გაფრთხილება: ბოატენგი (52), ლევანდოვსკი (59), კიმიხი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 16 (7) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანიელ სიბერტი

0.115409