რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში სოლომონ კვირკველიას „ლოკომოტივი“ სამარაში, „კრილია სოვეტოვს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში მოიგო.
„რკინიგზელები“ მე-15 წუთზე სმოლოვის გოლით დაწინაურდნენ და 88-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ სობოლევმა გათანაბრება მოახერხა. თითქოს მოსკოველებს მორიგი ორი ქულა უნდა დაეკარგათ, თუმცა მსაჯის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე გჟეგოჟ კრიხოვიაკმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2. დედაქალაქურ გუნდს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.
იური სიომინმა წინა სამი ტურისგან განსხვავებით ვედრან ჩორლუკასა და მურილო სერკეირას ცენტრალური დაცვის დუეტი დაშალა - ბრაზილიელი თადარგიში გაამწესა. თუმცა, კვირკველია მოედანზე მაინც არ გამოჩენილა და გერმანელი ბენედიქტ ჰიოვედესი გაისარჯა. მეორე ნახევარში ჩორლუკა ტრავმის გამო შეცვალეს და თამაშში კი სერკეირა ჩაერთო.
საბოლოოდ, ქართველ მცველს კი წინა სამი ტურის მსგავსად 90 წუთის გატარება სათადარიგო სკამზე მოუწია. ეს ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან სიომინი ამბობს, რომ ტრავმა აქვს და ბოლომდე მზად არაა, მაგრამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ამასთან, რუსული მედია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდეს და მიჯრით 4 თამაში განაცხადში ხვდებოდეს - რა აუცილებლობაა?
თანაც, კვირკველიამ ტრავმა თითქმის სამი თვის წინ მიიღო და მაშინ დიაგნოზი ასეთი მკაცრი ნამდვილად არ იყო, მეტიც, იმ ტრავმიდან ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებსაც შეუერთდა შეკრებაზე ინდივიდუალურად ემზადებოდა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო კვირკველიასაც შეექმნებოდა პრობლემა მოსკოვურ გუნდში, რადგან ერთი აგენტი კურირებდა მათ საქმეებს - მამუკა ჯუღელი.
ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება ქართველი მცველის უქმობა, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „ლოკომოტივის“ დაცვის ხაზის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო...