ბელარუსში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ამ ქვეყნის ნაკრები დაამარცხა. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში ბელარუსებთან ამხანაგური შეხვედრები გამართა და 1 აგვისტოს დამარცხების შემდეგ, მეორე დღეს გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა მთელი შეხვედრა. მიუხედავად ფიზიკურად გაცილებით მძლავრი ოპონენტებისა, გამართული ტაქტიკითა და კომბინაციებით ქართველებმა მოახერხეს საწყის პერიოდში მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება. ბელარუსები ბევრს ეცადნენ, მაგრამ პირველ პერიოდში დაკარგული ლიდერობის დაბრუნება ვეღარ მოახერხეს და 51:57 დამარცდნენ.
საქართველოს ნაკრებს ლუკა ავალიანმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 7 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ლუკამ ბურთი 7-ჯერ დაკარგა, რისი გამოსწორებაც სამომავლოდ აუცილებლად მართებს. 12 ქულა მოაგროვა ლუკა ლიკლიკაძემ, 11 – სანდრო კასაბურმა, ელგუჯა ხვედელიძის ანგარიშზე კი 6 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
საქართველო B ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. ისევე როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 2 დღეში გეზს მონტენეგროსკენ აიღებს, სადაც ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს.
ბელარუსი – საქართველოსტატისტიკა: 51:57
www.gbf.ge