"ვულვზმა" "ლაციოს" პორტუგალიელი ფეხბურთელების პედრუ ნეტუს და ბრუნუ ჟორდაუს ტრანსფერი დაადასტურა. პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. აღნიშნული ინფორმაცია "მგლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"ლაციომ" ორივე ფეხბურთელი "ბრაგადან" 2017 წელს ორწლიანი იჯარის წესით დაიმატა, ხოლო გასული სეზონის დასრულების შემდეგ გამოისყიდა. ჯამში რომაელებს ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი ბონუსებიანად 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მიიღო დღევანდელ გარიგებაში.
შემტევმა ნეტუმ იტალიური კლუბის პირველ გუნდში ხუთი მატჩი ჩაატარა, ხოლო ამპლუით ნახევარმცველმა ჟორდაუმ - სამი. "ლაციოში" გადასვლის დროს ბრუნუ 18 წლის იყო, ხოლო პედრუ 17 წლის და ძირითადად სარეზერვო გუნდში თამაშობდნენ.