ფეხბურთი

3:06 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები ევროპა ლიგაზე: ოთხი გუნდი გავიდა, სამი გავარდა

ქართული გუნდების პარალელურად ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ლეგიონერების გუნდებიც ირჯებოდნენ. ახლა სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

ბელგიურმა „გენტმა“ რუმინული „ვიტორულის“ ბარიერი დაძლია. ბელგიაში მასპინძლებმა 6:3 იმარჯვეს, ხოლო საპასუხო თამაში რუმინელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1), მაგრამ ორი მატჩის „გენტმა“ 7:5 იმარჯვა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ლარნაკას აეკ-ს გაეჯიბრება. რუმინული მატჩის განაცხადში კი არცერთი ქართველი არ ყოფილა. გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ტრავმები აქვთ, ხოლო გიორგი ბერიძე იეს თორუპმა არ შეიყვანა 18-კაციან განაცხადში.

ფინური „კუპსის“ ბარიერი დაძლია ვაკო გვილიას „ლეგიამ“. ერთი კვირის წინ ვარშავაში პოლონელებმა 1:0 იმარჯვეს და მოპოვებული უპირატესობა ფინეთში დაიცვეს - უგოლო ფრე. შეუცვლელად ითამაშა გვილიამ, რომელმაც 86-ე წუთზე პენალტი მოინადირა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა გარჯა ვერ დაუფასა და გატანა ვერ შეძლო. „ლეგიას“ მომდევნო მეტოქე ბერძნული „ათრომიტოსი“ იქნება.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს შვეიცარიული „ლუცერნი“, რომელმაც „კლაკსვიკი“ ჯერ შინ და მერე სტუმრად ერთნაირად, 1:0 ორჯერ დაამარცხა. ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიაში 90 წუთი ითამაშა, ხოლო გუშინ 62-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე. „ლუცერნი“ მომდევნო ეტაპზე ბარსელონას „ესპანიოლთან“ გაარკვევს ურთიერთობას.

ევროპა ლიგას დაემშვიდობა ტულის „არსენალი“, რომელმაც ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეირცხვინა თავი. ჯერ შინ წააგო 0:1, მერე ბაქოში - 0:3. გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა და ოდენ ყვითელ ბარათს გამორჩა.

დაამარცხდა ლაშა პარუნაშვილის „ესბიერგიც“, რომლის რიგებში ბელარუსის „შახტიორის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა. დანიელებს სტუმრად 0:2 ჰქონდათ წაგებული და შინ მხოლოდ ნულოვან ფრეს გამორჩნენ.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა ლატვიური „ვენტსპილსი“, რომელიც მალტაში „გზირა იუნაიტედს“ დაუზავდა (2:2). შეუცვლელად ითამაშა გიორგი მჭედლიშვილმა, ხოლო გუგა ფალავანდიშვილი 44-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. ორი მატჩის ჯამში ლატვიელებმა 6:2 მოიგეს და ახლა პორტუგალიურ „გიმარაეშს“ გაეჯიბრებიან.

ევროპა ლიგაზე ასპარეზობა დასრულდა გრაცის „შტურმისთვის“ და შესაბამისად ოთარ კიტეიშვილისთვისაც, რომელმაც „ჰაუგესუნდთან“ 90 წუთი ითამაშა. ნორვეგიაში „შტურმს“ 0:2 ჰქონდა წაგებული და შინ ამავე ანგარიშით 68-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ გაუშვა და 2:1 მოგება არაფერში წაადგა.

0.157653