ფეხბურთი

2:30 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

13 წლის შემდეგ - ქართულმა გუნდმა აზერბაიჯანული ბარიერი დაძლია

„დინამო თბილისმა“ „გაბალა“ ორი მატჩის ჯამში ადვილად 5:0 (2:0, 3:0) დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება ირგუნა. ეს გამარჯვება ორმაგად სასიამოვნო იყო, რადგან ქართულ-აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთის მეტად უსიამოვნო სერიაც შეწყდა.

საქმე ისაა, რომ „დინამომდე“ ქართულ გუნდებს აზერბაიჯანული ბარიერი 13 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ დაძლეული.

2006 წლის ივლისში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იმხანად საქართველოს ჩემპიონმა ბოლნისის „სიონმა“ ბაქოს „ბაკი“ შინ 2:0 დაამარცხა, მერე სტუმრად 0:1 წააგო და ბუნებრივია, მომდევნო ეტაპზე გავიდა. აქედან მოყოლებული დღემდე გამარჯვებული მხოლოდ აზერბაიჯანული გუნდები გამოდიოდნენ.

ჩემპიონთა ლიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი, 2012-2013: „ნეფთჩი“ – „ზესტაფონი“ 3:0, „ზესტაფონი“ – „ნეფთჩი“ 2:2

ევროპა ლიგა, III საკვალიფიკაციო ეტაპი, 2014-2015: "ნეფთჩი" - "ჩიხურა" 0:0, „ჩიხურა“ – „ნეფთჩი“ 2:3

ევროპა ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი, 2015-2016: „დინამო“ – „გაბალა“ 2:1, გაბალა“ – „დინამო“ 2:0

ევროპა ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი, 2016-2017: „გაბალა“ – „სამტრედია“ 5:1, „სამტრედია“ – „გაბალა“ 2:1

ჩემპიონთა ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი, 2017-2018: „ყარაბაღი“ – „სამტრედია“ 5:0, „სამტრედია“ – „ყარაბაღი“ 0:1

აქვე ვთქვათ, ორრაუნდიან ბრძოლაში ორივე თამაში ქართველებმა მეზობლების წინააღმდეგ 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგეს. „დინამომდე“ იგივე აწ არ არსებულ თბილისის „თბილისს“ ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც „შამქირს“ ორჯერვე აჯობა - შინ 1:0 და სტუმრად 4:1.

„დინამო თბილისი“ კი ევროპა ლიგაზე გოლგაუშვებლად ირჯება, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაცილებით სერიოზული გამოცდა ელოდება როტერდამის „ფეიენოორდის“ სახით, რომელთანაც ჩინებული მოგონებები გვაკავშირებს...

0.120847