მილანის „ინტერი“ სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს გამალებით ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით „ნერაძურის“ ამ საქმიდან არაფერი გამოსდის.
მილანელთა მთავარი სამიზნე აქამდე რომელუ ლუკაკუ იყო, თუმცა ბელგიელისთვის ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსი“ ჩაერთო და ძალიან ახლოსაა ტრანსფერის დახურვასთან.
შედეგად, „ინტერმა“ სათადარიგო ვარიანტზე მუშაობა დაიწყო, რომელშიც პსჟ-ს ფორვარდი ედინსონ კავანი იგულისხმებოდა. თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, ურუგვაელმა თავის აგენტს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე პარიზის დატოვებას და „ინტერში“ გადასვლას არ აპირებს.
ანტონიო კონტეს გუნდს კი ამ ეტაპზე ედინ ჯეკოს ვარიანტი დარჩა, რომელსაც „რომა“ არაფრის დიდებით არ ელევა. მოგეხსენებათ, მილანურმა გრანდმა უკვე გამოაცხადა, რომ მაურო იკარდი კონტეს გეგმებში არ ჯდება და სწორედ არგენტინელის შემცვლელის პოვნას ცდილობს.