ფეხბურთი

21:48 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანან გურბანოვი: "თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვედით"

აზერბაიჯანული „გაბალას“ მთავარმა მწვრთნელმა სანან გურბანოვმა „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

აზერბაიჯანელი სპეციალისტი განცხადებით, მის გუნდს გამოცდილი და კარგი მეტოქე ჰყავს, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვიდნენ.

„ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ ხშირად თამაშობენ. ვოლკოვი თითქმის წელიწადია ჩვენთანაა და ტიტულების მოგებაშიც დაგვეხმარა, ხოლო გიგუარი თვეზე მეტია აქ იმყოფება და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი წევრები არიან და აძლიერებენ ჩვენს გუნდს.

სახლში დავმარცხდით და ეს ფაქტია. მინდა გითხრათ, რომ „დინამო“ საკმაოდ ძლიერი გუნდია. საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ჩვენზე მეტადაა მომზადებული. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებისთვისაც წინა თამაში პირველი იყო „გაბალას“ მაისურით. ხვალ გველოდება რთული თამაში, რა თქმა უნდა, მოსაგებად ვართ ჩამოსულები და ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, რადგან მეტოქე გამოცდილია, მაგრამ გვინდა, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს.

პირველ მატჩამდეც აღვნიშნე, რომ „დინამო“ კომპაქტური და შეკრული გუნდია და ძალიან მომწონს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ფეხბურთელებს, გამოვყოფდი კაპიტანს, ლევან შენგელიას, ძალიან მომწონს მისი თამაში. ასევე, გამოვარჩევდი „დინამოს“ თავდამსხმელებიც. თუმცა, ამ ეტაპზე ძალიან მომწონს „გაბალას“ შემადგენლობაც და ამიტომ მათთან მუშაობას გავაგრძელებდი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საკმაოდ ახალი გუნდი გვყავს, რადგან შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრმა ფეხბურთელმა დაგვტოვა. ჩავთვალეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიგვეცა შანსი. რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის ცუდია, მითუმეტეს, როცა ორჯერ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხარ ნამყოფი. ამიტომ, მეც ვგრძნობ იმ პასუხისმეგბლობას, რომელიც მაქვს და რა მოლოდინიც გულშემატკივარს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მწვრთნელის წასვლაზე არანაირი საუბარი არაა და სეზონი ახლა დაიწყო. ვცდილობთ, გამოცდილი და ახლაგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი მოვახდინოთ და ვაჩვენოთ ის ფეხბურთი, რომელიც „გაბალას“ ეკადრება.

ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება. გვქონდა საუბარი ფეხბურთელებთან და გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება. გავაანალიზეთ პირველი თამაში, ვეცადეთ, რომ „დინამოს“ სუსტი და ძლიერი მხარეები დაგვენახა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აგრესიული შეტევა და ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვით ფაზასაც. ამ ეტაპზე ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვაყვს, სასტარტო შემადგენლობაში კი წინა მატჩთან შედარებით ორი ცვლილება იქნება“, - განაცხადა გურბანოვმა.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩი 1 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო პირველი მატჩი "დინამომ" აზერბაიჯანში 2:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118719