ფეხბურთი

20:45 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო: "ყველა თამაში განსხვავებულია და კონცენტრაცია 90 წუთი საჭირო იქნება"

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „დინამო თბილისი“ „გაბალას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმა.

ესპანელის განცხადებით, ყველა მატჩი განსხვავებულია და ამიტომ, მისი გუნდი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული უნდა იყოს.

„რთული თამაში გველოდება. ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ და ტაქტიკურად ცვლილებები არ გვექნება.

შენგელია დღეს ჩვენი გუნდის წევრია და მაღალი დონის ფეხბურთელია იმისთვის, რომ საკმაოდ კარგ გუნდში გადავიდეს. კონცენტრირებულია ამ თამაშზე და დარწმუნებული ვარ 100%-ით დაიხარჯება. მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება.

დიახ, ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. ახლა ჩვენი გეგმები კონკრეტულად ამ თამაშს უკავშირდება, მაღალი შანსი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. „გაბალასთან“ მატჩის შემდეგ კი „ლოკომოტივთან“ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს.

მეჯუბი? შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო მისი განაცხადში არშეყვანა. ახლა კი ჩვეულებრივად ემზადება და ხვალინდელი შეხვედრისთვის 18-კაციან განაცხადში მოიაზრება.

ხვალ ჩვენ ყველას დახმარება გვჭირდება, გულშემატკივარი ჩვენს ძალებს უფრო გააძლიერებს და მინდა ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ, რადგან დარწმუნებული ვარ, ადვილი თამაში არ გველოდება.

რა თქმა უნდა, ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე წუთებიდან კონცენტრირებული ვიყოთ. ყველა გუნდს აქვს უნარი, რომ ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას და ამიტომ, ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ, რადგან მეტოქეს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ყოველი შანსი, რომელიც შეიძლება მივცეთ, შესაძლოა გამოიყენონ. ამიტომ, კონცენტრაციით თამაში მთავარი ფაქტორი იქნება.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბედნიერი ვარ ამ სამწვრთნელო შტაბში მუშაობით. დიახ, ამჟამად ვსწავლობ და მინდა ლიცენზია ავიღო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი ერთი გუნდი ვართ და კიდევ ვიმეორებ, ბედნიერი ვარ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობით“, - თქვა ჩისკომ.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩი 1 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო პირველი მატჩი "დინამომ" აზერბაიჯანში 2:0 მოიგო.

0.222436