თელავში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მე-2 რანდში უკვე გასულ გიორგი ცივაძეს, დღეს, საბა ფურცელაძე შეუერთდა.
ფურცელაძე ძირითად ბადეში “უაილდ ქარდით” გახლდათ დაშვებული და მე-3 ნომრად განთესილ ამერიკელ მაკსიმ ტიხომიროვს 6:3, 2:6, 6:4 სძლია.
მომდევნო წრეში საბას მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ჩენგიზ აკსუ (თურქეთი) იქნება, ცივაძე კი, ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ მიხალ მიკულას გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, დღესვე თელავის ტურნირს 3 ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა. გუგა თავაძე ყაზახ დოსტანბეკ ტაშბულატოვთან 3:6, 0:6 დამარცხდა, ზურა ტყემალაძემ მე-7 განთესვის მქონე ბულგარელ ალექსანდერ დონსკისთან 6:7 (5:7), 3:6 წააგო, ხოლო ირაკლი მეტრეველი ესტონელ კრისტიან ტამს ვერ გაუმკლავდა – 2:6, 2:6.