საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი კარიერას ეგვიპტურ სუპერლიგაში გააგრძელებს.
28 წლის უკანახაზელმა კონტრაქტი ალექსანდრიის “ალ ეტეჰადთან” გააფორმა, რომელმაც გასულ სეზონში რეგულარული პირველობა მე-2 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში კი 1 რაუნდი გაიარა და ნახევარფინალში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ დიქსონი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი იყო. მან “ჯვაროსანთა” მაისურით ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საშუალოდ 13.8 ქულას, 2.0 მოხსნას, 5.0 პასსა და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა. ის თამაშიდან 57.5%-იანი სიზუსტით უტევდა, სამქულიანებში 45.5% ჰქონდა, საჯარიმოებში კი – 81.8%.
მაიკლმა გასულ სეზონში ორ გუნდში თამაში მოასწრო და ორივეგან ლიდერთა შორის გახლდათ. იტალიურ “რეჯიო ემილიაში” დიქსონის საშუალო მონაგარი 13.8 ქულა, 3.3 მოხსნა და 4.2 პასი იყო, ებრაულ “ბნეი ჰაშარონში” კი – 12.0 ქულა, 2.2 მოხსნა, 4.3 პასი და 1.7 ჩაჭრა.