ფეხბურთი

22:51 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შელია: "იმედია ფრენები მალე აღდგება, მაგრამ საქართველოში მანქანით ჩავალ"
"საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზება ერთხელ მქონდა, მაგრამ სერიოზული საუბარი არ ყოფილა"

რუსეთის პრემიერლიგას დებიუტანტი ჰყავს „ტამბოვის“ სახით, რომელმაც საწყის სამ ტურში სამი ქულა მოიპოვა. საინტერესოა, რომ საკმოდ რთული კალენდარი ჰქონდა: ჯერ „ზენიტთან“, მერე „ლოკომოტივთან“ სტუმრად ერთნაირად 1:2 წააგო, ხოლო მესამე ტურში შინ მოსკოვის „სპარტაკს“ 2:0 მოუგო.

„ტამბოვის“ კარს 30 წლის გიორგი შელია იცავს, რომელიც მოსკოვშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეა. წარმოშობით ქართველმა Sovsport-ს ინტერვიუ მისცა და ისტორიული სამშობლოს შესახებაც ისაუბრა.

- საქართველოს ნაკრებში თამაშის წინადადება გქონიათ?

- ერთხელ იყო, მაგრამ სერიოზულ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა. მეც ჩემი თავი არ შემითავაზებია, რადგან მოსკოვში დავიბადე და მთელი ცხოვრება რუსეთში მაქვს გატარებული.

- პრემიერლიგაში ქართველთა რაოდენობა იზრდება. ეს არ გიკვირთ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე?

- რატომ უკავშირებთ პოლიტიკასა და ფეხბურთს? საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. ლოგიკურია, რომ რუსულ გუნდებში ქართველები თამაშობენ. როდესაც ბავშვი ვიყავი, „ლოკომოტივში“ ბევრი ქართველი თამაშობდა. ახლაც არის, სოლომონ კვირკველია. მგონი, რუსეთის არც ერთ ჩემპიონატს ქართველების გარეშე არ ჩაუვლია.

- ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მომავალია?

- „ლოკომოტოვში“ ჩატარებული მატჩებით ძალიან მომეწონა. თუმცა, ხვიჩა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მისთვის აუცილებელია სტაბილურად თამაში მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში. საქართველოს ნაკრები სავსეა ნიჭიერი ფეხბურთელებით, ვფიქრობ, გუნდის შედეგებიდან გამომდინარე ინტერესის გაზრდაც შეიძლება.

- საქართველოში ნათესავები გყავთ?

- ჩემი და იქ ცხოვრობს. მეუღლეც ამ მომენტში საქართველოშია.

- რუსეთმა ფრენები აკრძალა საქართველოში. გართულდა ნათესავებთან შეხვედრა?

- აკრძალვამდე მოვახერხე იქ ჩასვლა. ახლაც, 31 აგვისტოს შემდეგ მცირე პაუზა იქნება და მანქანით წავალ. მინდა, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს და ხალხს კვლავ შეეძლოს ერთმანეთისკენ ფრენა.

0.125669