ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ მცირე სენსაცია მოახდინა და გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) პირველ ნომრად განთესილი სლოვენიელი ტამარა ზიდანსეკი (მე-60 მსოფლიო რეიტინგში) გამოთიშა.
მართალია, სლოვენიელმა ჩოგბურთელმა თამაში ტრავმის გამო ვერ დაასრულა, თუმცა, მანამდე, ეკო მას არაფერს უთმობდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 7:5 მოიგო, მეორეში კი მეტოქეს ბრეიკის გარეშე 3:4 ჩამორჩებოდა, როდესაც ტამარამ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ამგვარად, გორგოძემ 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მერვედფინალში კი ჰოლანდიელ ბიბიან შუფს გაეჯიბრება, რომელმაც საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელი კატარინა ჰობგარსკი 6:3, 6:1 დაამარცხა.
ცნობისთვის, 27 წლის გორგოძე WTA-ს კლასიფიკაციაში 194-ე პოზიციაზეა, კარერის პიკი კი სულ რაღაც ორიოდ კვირის წინ ჰქონდა, როდესაც 144-ე საფეხურს უწია. 31 წლის შუფსი მსოფლიოს 146-ე ჩოგანია, ეკოსთვის კი, ერთხელ უკვე მოგებული აქვს: 2017 წელს, ფრანგული ანდრეზიე-ბუტეონის ტურნირზე – 6:4, 5:7, 6:2.