ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები დავით აბდალაძე (60 კგ.) და დავით კუჭუაშვილი (71 კგ.) ნახევარფინალში გავიდნენ და საღამოს სესიაში ფინალის საგზურებისთვის იბრძოლებენ.
აბდალაძემ გზიდან ყორგიზი ერბოლ სოვეტჟანი (11:0), ყაზახი აკნიეტ ტულეგენოვი (3:1) და ინდოელი დეეპაკ დეეპაკი (5:4) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი რუს არიპ აბდულაევს შეერკინება.
კუჭუაშვილმა ყირგიზ ულუკბეკ ასილბეკოვს (3:0), სამხრეთაფრიკელ არნო ვან ზიილსა (10:0) და მოლდოველ ლილიან ბალანს (3:0) მოუგო, საღამო სესიაში კი ძალებ რუს სოსლან ტიგიევთან სცდის.
რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვთ მაგამედ მაგამედოვსა (45 კგ.) და ლუკა ღვინჯილიას (51 კგ.). მაგამედოვმა მერვედფინალში აზერბაიჯანელ მურად ჰაგვერდიევთან 0:10 წააგო, თუმცა, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო და თუკი იქ ირანელ ალი მეჰრან არაბ ფიროუზაოესაც სძლია, ქართველი ფალავანი სანუგეშო რაუნდში გადავა.
ღვინჯილიამ მერვედფინალში უკრაინელ მიკიტა აბრამოვთან გდება ბოლო წამზე გაუშვა და 12:14 დამარცხდა. უკრაინელმა მოჭიდავემ მეოთხედფინალშიც იმარჯვა და თუკი ნახევარფინალში ყაზახ ჟახონგირ ახმაჯანოვსაც აჯობა, ლუკას გზა რეპეშაჟისკენ გაეხსნება.
სამწუხაროდ, ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა საბა გამთენაძემ (92 კგ.), რომელმაც უნგრელი გერგელი პაპი კი დაჯაბნა (5:4), თუმცა, მერვედფინალში მონუ დაჰიასთან 1:3 წააგო და ვინაიდან მეოთხედფინალში ინდოელი ფალავანიც დამარცხდა, საბა მსოფლიო პირველობას გამოეთიშა.
დღესვე, კონკრეტულად კი, თბილისის დროით 19:00 საათიდან გადამწყვეტი ორთაბრძოლები შედგება იმ ხუთ წონით კატეგორიაში, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო. საღამოს, გიორგი ჩიხრაძე (110 კგ.) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, დავით ფაცინაშვილს (65 კგ.) კი ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება.
ჩიხრაძის მეტოქე რუსი არსამაგ ზასეევი იქნება, ხოლო ფაცინაშვილი ძალებს იაპონელ რიოსუკე კერასთან მოსინჯავს. დღესვე, რეპეშაჟში, ნიკოლოზ სანთელაძე (48 კგ.) იაპონელვე იუტო ნიშიუჩისთან 3:10 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.