ჭაბუკებს შორის საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი ჩიხრაძე (110 კგ.) ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და დღეს, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ჩიხრაძემ გზიდან მოლდოველი მარიუს უჯა (10:0), თურქი ადილ მისირჩი (4:2) და სომეხი სერგეი სარგსიანი (9:2) დაამარცხა, გადამწყვეტ შერკინებაში კი რუს არსამაგ ზასეევს დაეჭიდება.
ფინალამდე ცოტა დააკლდა დავით ფაცინაშვილს (65 კგ.), რომელმაც ლიტველი ვლადიმირ რაფეენკო (6:1), ამერიკელი რაიან ჯოზეფ სოკოლი (12:0) და ყაზახი ოლჟას ოლჟაკანოვი (6:6) დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ჯაბრაილ გაჯიევთან 7:7-ზე წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის ფაცინაშვილი თურქ მიკაილ ტოპალს, ირანელ ამირ ჰოსეინ რეზა მოტაგისა და იაპონელ რიოსუკე კერას შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
გუშინვე, ხალიჩაზე ნიკოლოზ სანთელაძე (48 კგ.), გიორგი აბულაშვილი (55 კგ.) და დავით კოღუაშვილიც (80 კგ.) გავიდნენ, თუმცა, მათ ასპარეზობა მალევე დაასრულეს.
დღეს, 11:30 საათიდან წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს მაგამედ მაგამედოვი (45 კგ.), ლუკა ღვინჯილია (51 კგ.), დავით აბდალაძე (60 კგ.), დავით კუჭუაშვილი (71 კგ.) და საბა გამთენაძეც (92 კგ.) ჩაატარებენ.