ფეხბურთი

0:08 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "დასაკარგი არაფერი გვაქვს!"

თბილსიის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებში, „დინამოსთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა პირველ თამაშში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

ჭიაბრიშვილის თქმით, „საბურთალოს“ დასაკარგი არ აქვს და ბოლომდე იბრძოლებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

„პირველი თამაში შესაძლოა კარგად ვერ ვითამაშეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ზაგრებში არ უნდა გავიმეოროთ. „დინამო“ ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ვიბრძოლებთ, რადგან კარგად მოვემზადეთ და საუკეთესოს ჩვენებას ვეცდებით.

არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობთ და შესაბამისად, დასაკარგი არაფერი გვაქვს. თუ ამ შეხვედრას მოვიგებთ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავალთ და ეს გმირობა იქნება.

ყენია? ჯერ არ არის სათამაშ ფორმაში და ამიტომ რთულია იმის თქმა, ითამაშებს თუ არა. ეს გარკვეულ რისკთანაცაა დაკავშირებული.“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ქართველ სპეციალიტს პრესკონფერენციაზე ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე ახლდა:

„გუნდი მზად არის, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ და მზად ვართ „დინამოსთან“ მატჩისთვის. ძალიან სასიამოვნოა გულშემატკივრებისა და სავსე სტადიონის წინაშე თამაში, თუმცა მთლიანად ცარიელი სტადიონის წინაშე არასდროს მითამაშია და ამიტომ ვერ ვიტყვი ეს უკეთესი იქნება თუ უარესი“, - თქვა დიასამიძემ.

შეგახსენებთ, ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი თბილისში ხორვტიის ჩემპიონმა 2:0 მოიგო და წყვილში გამოკვეთილი ფავორიტია.

0.121636