ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანიის ქალაქ ჰორბში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ფინალური მატჩი წააგო.
შაფათავასა და უზბეკი ალბინა ხაბიბულინას დუეტი პირველ ნომრად იყო განთესილი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაება.
ქართველმა და უზბეკმა ჩოგბურთელებმა 2 რაუნდი სეტისწაუგებლად განვლეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანელებს – კატარინა გერლაჩსა და ჯულია ვახაჩიკს გაეჯიბრნენ და 1:6, 3:6 დამარცხდნენ.
სოფო გერმანიაში რჩება და მიმდინარე კვირაში ბად საულგაუს ასევე 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს.
შაფათავა ძირითად ბადეშია დაშვებული და ძალებს მე-3 ნომრად განთესილი კვიპროსელ რალუკა ჯეორჯიანა სერბანთან მოსინჯავს.
წყვილებში სოფო ისევ ხაბიბულინასთან ერთად გაირჯება. ისინი ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან.
ამერიკულ ფორტ ვორსში 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოლებს სალომე დევიძე. ქართველ ჩოგბურთელს კვალიფიკაციაში პირველი განთესვა აქვს და საწყის წრეში მასპინძელ რეიჩელ იანსენს დაუპირისპირდება.