ფეხბურთი

11:18 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღირსეული რევანში
რეპორტაჟი გაბალადან

„არ გვაინტერესებს რა იყო 4 წლის წინ და არ ვფიქრობთ რევანშზე. უბრალოდ გვინდა გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - ეს სიტყვები ფელის ვისენტემ „გაბალა სიტი სთედიუმის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან მატჩის წინა დღეს თქვა.

მეორე დღეს კი, „დინამო“ გავიდა კოხტა, პატარა სტადიონის ჩინებულ გაზონზე და დამხვდურს პატარა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. პატივცემულ ვისენტეს კი ნება გვიბოძეთ, არ დავეთანხმოთ, რადგან გინდა, არ გინდა, ეს იყო რევანში და თანაც ღირსეული რევანში.

„დინამომ“ „გაბალას“ ერთი (მეტი თუ არა) თავით აჯობა და ყველა კომპონენტში უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ცხადია, წინ საპასუხო თამაშია და წინასწარ გადაჭრით საუბარი უადგილოა, მაგრამ აზერბაიჯანულმა 90 წუთმა ნათლად გამოაჩინა ამ დროისთვის ამ ორ გუნდს შორის არსებული სხვაობა.

გაბალასკენ გეზი თამაშის წინა დღეს, დილის 8 საათისთვის ავიღეთ. „დინამო თბილისმა“ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის მიკროავტობუსი სპეციალურად გამოჰყო და ჩვენც გაბალასკენ დავიძარით. გზა იმაზე მეტად დამღლელი გამოდგა, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს კი, მთლიანად საზღვარზე შექმნილი დაბრკოლებებით იყო გამოწვეული. რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც ახლო თუ შორეულ წარსულში სომხეთში ვყოფილვართ, მესაზღვრესთან ხანგრძლივ საუბარს ვერ გადავურჩით. ავად თუ კარგად, ბოლოს მაინც აგვინთეს მწვანე შუქი. თუმცა, ჩვენი შეფერხება არაფერი იყო იმასთან, რომელიც მიკროავტობუსს ელოდა, რომელსაც რიგში კარგა ხანს მოუწია ყოფნა და საზღვრის გადმოკვეთის ლოდინი. როგორც იქნა, ჩვენი ტრანსპორტიც გამოჩნდა და გზა განვაგრძეთ.

გაბალაში დაახლოებით 4 საათისთვის ჩავედით და რამდენიმე კოლეგასთან ერთად წინასწარ დაჯავშნილ საოჯახო სასტუმროში დავბინავდით, სადაც მასპინძელი გახარებული შეგვეგება და ყველაფერი რაც ვთხოვეთ, სიხარულით შეგვისრულა. ამასობაში ნელ-ნელა „დინამოს“ პრესკონფერენციის დროც ახლოვდებოდა და მცირე დასვენების შემდეგ სტადიონისკენ გავეშურეთ. სანამ იქაურ ამბებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ დღის ბოლოს სტადიონიდან სახლში დაბრუნებულებმა ჩვენი მასპინძელი ქართულ ღვინოზე ვიახელით და მასაც თავ-პატიჟი არ დაუწყია, ჩვენთან ერთად სცდილობდა მოლხენას. პარალელურად, „ყარაბაღი“ ირლანდიაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა და საგულდაგულოდ მომარჯვებულ ტელეფონში ამ თამაშს ადევნებდა თვალს. გაბალაში კი ვბინადრობ, მაგრამ „ყარაბაღის“ გულშემატკივარი გახლავართო სიამაყით გვამცნო და საამაყოდ კი ჰქონდა საქმე - მისი საყვარელი გუნდი ირლანდიაში იგებდა. საბოლოოდ ფრეს გამორჩა (1:1) და ამის გამო ოდნავ ხასიათი კი გაუფუჭდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და სტუმრად ფრეც არაა ურიგო შედეგიო.

სტადიონზე კი ვერ ვიტყვით, „დედა, ეს რა ვნახეო“, მაგრამ პატარა, ლამაზი, საფეხბურთო არენაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მინდვრის საფარი იყო. ზოგადად, „გაბალა“ არამარტო საფეხბურთო გუნდია, არამედ სპორტული კლუბია, რომელიც სხვადასხვა სახეობას მოიცავს, მათ შორის, ძიუდოს, კრივს, კარატესა და ტაეკვანდოს. ყურადღება კი უპირველესად სტადიონის ირგვლივ არსებულმა საფეხბურთო მოედნების სიმრავლემ მიიქცია - ყველა ბუნებრივი საფარითაა აღჭურვილი და რაც მთავარია, წუნს ვერ უპოვით. იქვეა „გაბალას“ ფეშენებელური სასტუმრო, სადაც როგორც წესი, ფეხბურთელები ბინადრობენ.

იქამდე, სანამ უშუალოდ სტადიონზე მოხვდებით, შესასვლელში ერთი პატარა დეტალი იქცევს ყურადღებას, რომელიც ქუჩაზე შემთხვევით გამვლელს ამცნობს, რომ აქ სტადიონია, საფეხბურთო ბაზაა! მინიატურული სტადიონი, რომელსაც დიდი წარწერა ამშვენებს - QABALA.

ზოგადად, სტადიონს რაც შეეხება, ვიზუალურად დიდად შთამბჭედავი არაა და ეს ბუნებრივია, ოდენ 4 500 მაყურებელზეა გათვლილი. თუმცა, ადგილობრივების ნამდვილად შეგვშურდა, რადგან საქართველოს ბევრ ქალაქს ეჭვგარეშეა არ აწყენდა ასეთი კომფორტული საფეხბურთო არენა, რომელიც ალბათ ეროვნული ლიგის ნებიმისერ მატჩზე შეივსებოდა და ჩინებული საფეხბურთო ატმოსფეროც შეიქმნებოდა... ჰო, "გაბალა სითი სთედიუმს" ირგვლივ მთებია და ეს იქაურობას კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს.

უშუალოდ პირობებს რაც შეეხება - უნდა ვთქვათ, რომ მასპინძლებმა ძალზე თბილად მიგვიღეს და უყურადღებობას არ ვუჩიოდით. ერთი ეგ იყო, რომ ინტერნეტი შიგადაშიგ გაითიშებოდა ხოლმე, მაგრამ პრობლემა მალევე გვარდებოდა. თამაშის დღესაც გადავაწყდით მცირე დისკომფორტს - „გაბალა სიტი სთედიუმს“ მედია ლოჟა პრაქტიკულად არ გააჩნია და თამაშის ყურებაც ფეხზე დგომით მოგვიწია, პარალელურად მუშაობა კი ცხადია შეუძლებელი იყო. ამიტომაც, ეპიზოდურად იქვე არსებულ მედია ოთახში გვიწევდა დაბრუნება და ჩვენს კომპიუტერებში სასურველი ინფორმაციის შეტანა-დამახსოვრება.

მაგრამ ეგ არაფერი, „დინამომ“ ისეთი თამაში და რაც მთავარია, შედეგი აჩვენა, ეს არავის ახსოვდა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ არ მომხდარა არანაირი ინციდენტი ქომაგებს შორის. „გაბალასა“ და „დინამოს“ გულშემატკივრები ერთადერთი საყვარელი გუნდის მხარდაჭერაში ეჯიბრებოდნენ. ისევე, როგორც მოედანზე „დინამომ“, ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა ცალსახად დაჯაბნეს მასპინძლები და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ლოგიკურად დიდი სხვაობა იყო, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგები ერთი თავით აღემატებოდნენ დამხვდურებს. გინდათ შეძახილების, სიმღერების მრავალფეროვნებით, გინდათ - ხმაურით. მოკლედ, 25 ივლისს, გაბალაში „დინამო“ ბატონობდა. 4 წლის წინანდელისგან განსხვავებით დღემ მართლაც მშვიდად, ინციდენტის გარეშე ჩაიარა და რაც მთავარია, ქართულმა გუნდმაც იმარჯვა. ცნობისთვის, აზერიბაიჯანში 2004 წლის შემდეგ ქართულ გუნდს გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული და თბილისელებმა ეს უსიამოვნო სერია წარსულს ჩააბარეს.

თუმცა, თამაშამდე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რომ გეკითხათ, „გაბალა“ აუცილებლად მოიგებდა. ადრინდელივით მრისხანე გუნდი აღარ გვყავს, მაგრამ დღეს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთო - რას იზამ, ოპტიმიზმი ყოველთვის კარგია! ქალაქის ცენტრში არცთუ კომფორტულ კვების ობიექტებში, ე.წ საშაურმეებში „გაბალას“ ატრიბუტიკით (მაისურებით, კეპებით) ბევრს შეხვდებოდით. როგორც ჩანს, მშობლიური გუნდის მაისურებით ქალაქში ყოფნა მათთვის არანაირ პრობლემასთან არ ასოცირდება და ყველას მოეპოვება საყვარელი კლუბის სხვადასხვა ეკიპირება. როგორც ჭარბობდა „გაბალას“ მაისურიანი ქომაგები, იმდენად „თვალის მომჭრელი“ იყო ქალაქში მოძრავი საბჭოთა მანქანები - „ჟიგულები“.

არა, ადგილობრივებს ფინანსური სიდუხჭირის არც არაფერი ეტყობათ (ყოველშემთხვევაში ერთი შეხედვით), მაგრამ როგორც ჩანს, წესად აქვთ და თანამედროვე ავტომობილებს მაინცდამაინც არ სწყალობენ. თავად ქალაქს რაც შეეხება, 13 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და აზერბაიჯანის შვეიცარიადაა წოდებული. ასეა, გაბალა ჩვენს სამეზობლოში ყველაზე მეტად გამწვანებული ქალაქია, თუმცა შთამბეჭდავი ნამდვილად არაფერია. უბრალოდ, დანარჩენი ადგილების ფონზე მართლაც საკურორტო ზონაა და ტურისტებსაც არ უჩივის - აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიდან.

ისევ საფეხბურთო მინდორზე დავბრუნდეთ და, თამაშის შემდეგ მასპინძლები დამწუხრებულნი იყვნენ, ხვდებოდნენ, რომ მათი შანსი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა. თუმცა, „დინამოს“ თავკაცმა ფელის ვისენტემ შეგირდებს კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა - თბილისში პირველი გოლი რომ გავუშვათ, ყველაფერი დაიძაბება და ამიტომ, ვერავის დავეთანხმები, ვინც მიიჩნევს, რომ უკვე „ფეიენოორდზე“ ფიქრი შეგვიძლიაო.

დიახ, მართალია ბატონი ვისენტე - ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო და წინ მეორე ნახევარია. „დინამომ“ „გაბალას“ აჯობა, მაგრამ მოდუნება არაფრით არ შეიძლება. ისე კი, როტერდამის „ფეიენოორდი“ მართლაც ახლოსა, უბრალოდ საქმე ბოლომდეა მისაყვანი...

0.114287