საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ევროპის ჩემპოიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რაც უდიდეს წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
ქართველმა წყალბურთელებმა შეჯიბრის დასკვნითი მატჩი, გუშინ, სერბეთის ძლიერ ნაკრებთან ჩაატარეს და 3:12 (2:6, 0:3, 0:2, 1:1) წააგეს. ეს იყო მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის შეხვედრა და შესაბამისად, ქართველებს მე-6 პოზიცია ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ იტალიასთან წააგო (8:12), რუსეთს დაუზავდა (9:9), ჰოლანდია კი 14:11 დაამარცხა.
პლეი-ოფში ქართველებმა სლოვაკეთს 12:8 სძლიეს და მართალია, მეოთხედფინალში საბერძნეთთან 10:12 წააგეს, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაზე გადართვის შემდეგ, ყველაზე სახელოვანი გამარჯვება იზეიმეს: 11:10 ხორვატიასთან.
ევროპის ჩემპიონის ტიტული უნგრეთმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში მონტენეგროს 15:9 სძლია, ბრინჯაოს მედალს კი იტალია დაუეფლა (საბერძნეთს 9:8 მოუგო).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი კირიაკიდი (29.06.2004), გიორგი ჩაგელიშვილი (23.03.2004), ლუკა ჩიქოვანი (09.07.2004), გიორგი კოზაშვილი (16.01.2005), გურამ გოცირიძე (02.06.2004), ალექსანდრე მიქაუტაძე (04.04.2005), ნიკოლოზ ტყეშელაშვილი (27.08.2005), სანდრო ვასაძე ( 04.03.2005), საბა ტყეშელაშვილი (14.01.2004), იაკობ ცოტაძე (18.08.2004), არჩილ ბაგაშვილი (15.02.2004), ბესარიონ ახვლედიანი (28.01.2004), დავით გორგოძე (16.03.2004), გუგა გელაშვილი (02.03.2005)
მთავარი მწვრთნელი: გელა ტუკვაძე
მწვრთნელები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ოთარ ქოიავა
ექიმი: გიორგი კუჭაძე