ჰამბურგის ტურნირის ფინალში მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ჩოგბურთელს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. 21 წლის ჩოგბურთელმა ნახევარფინალში პაბლო კარენო-ბუსტა 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა და ATP-ის ტურინირის ფინალში მესამედ გავიდა.
ბასილაშვილი და რუბლიოვი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და ისიც მიმდინარე წელს. ყატარის ღია ტურნირზე ნიკოლოზმა ანდრეი მერვედფინალში 6:3, 6:4 დაამარცხა, ოღონდ აღნიშნული მატჩი ჰარდზე გაიმართა. რუსმა ფინალამდე კრისტიან გარინი, კასპერ რუდი და ტურნირის პირველი ნომერი დომინიკ ტიმი დაამარცხა.
ბასილაშვილის და რუბლევის დაპირისპირება 28 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. რუსმა ჩოგბურთელმა ფინალში გასვლით ლაივ რეიტინგში 78-ე ადგილიდან 49-ე პოზიციამდე გადაინაცვლა. ქართველს კი გასულ წელს მოპოვებული 500 ქულის დაცვა უხდება, გადამწყვეტ მატჩის საგზურის მოპოვებით 300 ქულა გამოიმუშავა და მე-18 პოზიციამდე დაწინაურდა. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ტიტულს დაიცავს 1975 ქულა მოუგროვდება და კვლავ მე-16 პოზიციაზე იქნება.