ავტოსპორტი

20:46 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ მე-200 რბოლას ჰამილტონი პოულიდან დაიწყებს

გერმანიის დიდი პრიზი მე-200 რბოლაა, რომელსაც „მერსედესი“ ფორმულა 1-ში ჩაატარებს. და ამ რბოლის მოწინავე პოზიციას გერმანული გუნდის ლიდერი, ლუის ჰამილტონი დაიკავებს. სამქიმიანებისგან განსხვავებით, იღბალმა ზურგი აქცია მათ მთავარ მეტოქე „ფერარის“, რომელსაც ტექნიკურმა პრობლემებმა, მოწინავე პოზიციებისთვის ბრძოლის საშუალებაც კი არ მისცა.

ჰამილტონი დილიდან თავს შეუძლოდ გრძნობდა და იყო დიდი შანსი იმისა, რომ ის სარეზერვო პილოტ ესტებან ოკონს შეეცვალა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ყელი ჰქონია გაციებული. ამის მიუხედავად, მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე მაინც გამოვიდა და სწორედ მისი დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ კვალიფიკაციას და მასთან ერთად რბოლასაც, არ გააცდენდა.

გერმანიაში ამჟამად ძლიერი სიცხეა, რაც „მერსედესს“ არასახარბიელო მდგომრეობას უქმნის - სამქიმიანების სუსტი წერტილი, გაგრილების სისტემაა, რომელიც ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობბში, დატვირთვას ვერ უძლებს. ამის გამო, გუნდს აგრეგატის დაზოგვა უწევს და მას სრული დატვირთვით არ ამუშავებს. ამის მიუხედავად, ჰამილტონმა ბოლო ცდაზე გააკეთა ის, რასაც მისგან ყველა მიჩვეულია. მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა მეორე უსწრაფეს მაქს ფერსტაპენს. მომდევნო საუკეთესო დროები კი ვალტერი ბოტასმა და პიერ გასლიმ დააფიქსირეს. ამგვარად, სტარტზე პირველ ოთხ პოზიციას, ჭადრაკული განლაგებით, „მერსედესის“ და „რედ ბულის“ პილოტები დაიკავებენ.

ათეულში მხოლოდ ერთი ფერარი მოხვდა და ისიც, მხოლოდ მე-10 პოზიციაზე, რომელსაც შარლ ლეკლერი დაიკავებს. მას კვალიფიკაციის მესამე ნწილში, ტრასაზე გამოსვლის საშუალებაც არ მიეცა - მანქანას საწვავის სისტემა დაუზიანდა. კვალიფიკაციის დასაწყისში კი, ასევე ტრასაზე გამოუსვლელად, რბოლას სებასტიან ფეტელი გამოეთიშა, რომლის მანქანის ძალურ დანადგარზეც ტურბო სისტემა დაზიანდა.

„ლუის, ტოტო ვარ, შენ ყოველთვის გვაოცებ“, - რადიოთი მიმართა გამარჯვებულს გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა, ვინც გუნდთან ერთად, ძველ ავტოსპორტულ ფორმაშია გამოწყობილი. მე-200 რბოლის გარდა, „მერსედესი“ ავტოსპორტში თავისი გამოსვლების 125 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

„წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ შევძელით და წარმოდგენა არ მაქვს, ფერარის რა დაემართა. ეს ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი, მეორე საშინაო რბოლაა. ჩვენ მოტორსპორტში 125-ე სეზონს ვატარებთ და კარგია, რომ ასე აღვნიშნავთ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც კარიერაში 87-ე კვალიფიკაცია მოიგო.

გერმანიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.767
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:12.113
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:12.129
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:12.522
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:12.538
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:12.851
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:12.897
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:13.065
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:13.126
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) დროის გარეშე
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:12.786
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:12.789
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:12.799
  14. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:13.135
  15. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:13.450
  16. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.333
  17. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:13.461
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:14.721
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:14.839
  20. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) დროის გარეშე
0.129753