საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, რომელიც ამხანაგური ტურნირია, „რეალსა“ და “ატლეტიკოს“ შორის მადრიდული დერბი შედგა. თუმცა, ეს თამაში საერთოდ არ ჰგავდა ამხანაგურსა და მეგობრულს...
7:3 და დიეგო კოშტას პოკერი! დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“ ზინედინ ზიდანის „რეალს“ სირცხვილი აჭამა და ბოლოს რომ არ მოდუნებულიყო, კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით მოიგებდა.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უკვე 5:0 გახლდათ! დიეგო კოშტამ კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა, თითოჯერ ჟოაო ფელიშმა და ანხელ კორეამ გაიტანეს. მეორე ტაიმის სტარტი და დიეგო კოშტას პოკერი ერთი იყო - 6:0.
„რეალმა“ როგორც იქნა, ნაჩო ფერნანდესის გოლით ერთი ბურთი გაიტანა, 64-ე წუთზე კი ფეხბურთელებმა იჩხუბეს, რაც კოშტასა და დანი კარვახალის გაძევებებით დასრულდა. ვინ იცის, დიეგო კოშტა მოედანზე რომ დარჩენილიყო კიდევ გაეტანა. სამაგიეროდ, გაიტანა ვიტოლომ და სხვაობა კატასტროფული გახადა - 7:1!
ბოლოსკენ, ზიდანის შეგირდებმა კარიმ ბენზემასა და ხავიერ ერნანდესის გოლებით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს „სამეფო კლუბისთვის“ დიდი ვერაფერი ნუგეში უნდა იყოს...