ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაწყებულ გრან პრიზე, პირველ დღეს, ქართულმა დელეგაციამ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და თანაც კვარცხლბეკზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ავიდა.
შეგახსენებთ, რომ ეთერს პირველ წრეში ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული კანადელი კრისტა დეგუში არ გამოუცხადდა. ქართველმა ძიუდოისტმა ამით კარგად ისარგებლა, ბრიტანელ ლელე ნაირნესა (3 შიდო აჰკიდა) და ჩინელ ვენ ჟანგს (იპონი) გასცდა და ნახევარფინალში იპონით თავად წააგო იაპონელ მომო ტამაოკისთან. ბრინჯაოსთვის შერკინებაში ლიპარტელიანის პირისპირ სამხრეთკორეელი ჯანდი კიმი დადგა, რომელსაც ჩვენებურმა 2 ვაზარით აჯობა.
დღესვე ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი თემურ ნოზაძესა (60 კგ.) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანს (52 კგ.) ჰქონდათ, თუმცა, მათ მიზნამდე ცოტა დააკლდათ.
ნოზაძემ პირველ რაუნდში სენეგალელი მუსა დიოპი დააიპონა, შემდეგ სამხრეთკორეელ ჰიუკ ჩოის ვაზარი აკმარა, მეოთხედფინალში კი ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ეშლი მაკკენზისთან.
ამგვარად, ნოზაძე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც თურქ მიჰრაჩ აკუსთან ვაზარი გაუშვა, თუმცა, მეტოქე იპონზე დასცა, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება კი მონღოლ არიუნბოლდ ეხტაივანთან იპონით წააგო.
რაც შეეხება ლევიცკა-შუკვანს, მან გვინეა-ბისაუელი ტასიანა სესარი და კანადელი ეკატერინა გუიკა დააიპონა, რასაც მეოთხედფინალში იაპონელ ნაცუმი ცუნოდასთან იპონით წაგება მოჰყვა.
შედეგად, ლევიცკა-შუკვანი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბელგიელ ამბერ რიჰეულს ვაზარი აართვა, მე-3 ადგილისთვის კი ბელგიელთა კიდევ ერთ წარმომადგენელ შარლინ ვან სნიკს გაეჯიბრა და იპონით დამარცხდა.
ზაგრების გრან პრი ხვალ და ზეგ გაგრძელდება და ქართველ ძიუდოისტებს საქმეში დარჩენილ დღეებშიც ვიხილავთ.
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) მე-2 რაუნდიდან დაიწყებს ბრძოლას, სადაც არგენტინელ ემანუელ ლუსენტისა და ხორვატ დომინიკ დრუზეტას შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ამავე წონაში ზებედა რეხვიაშვილი საწყის ორთაბრძოლას ბურუნდელ სამუელ კვიტონდასთან ჩაატარებს.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი მე-2 რაუნდში ბელარუს ვიკტარ კლიავუსაუსა და სლოვენიელ ნარსეი ლაჩკოვიჩს შორის უმჯობესს დაელოდება, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი პირველ წრეში ძალებს ბელარუს იაჰორ ვარაპაიეუსთან მოსინჯავს.
100 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ონისე სანებლიძე და ლაშა ტაველური დაიცავენ. სანებლიძე არაბეთის გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ივან რემარენკოს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში, ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერთან ჭიდილი ელის.
ტაველურის პირველი მოწინააღმდეგე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის ქვეშ მოჭიდავე ადნან ხანკანი იქნება. თუკი გამარჯვება ჩვენებურს დარჩა, მე-2 წრეში, ის ებრაელ პეტერ პალჩიკზე გავა.
2 წარმომადგენელი გვეყოლება მძიმე (+100 კგ.) წონით კატეგორიაშიც და ორივე მათგანი ტურნირში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება. გელა ზაალიშვილი რუს ანტონ ბრაჩევს გაეჯიბრება, ლევან მატიაშვილი კი – აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს. საინტერესოა, რომ ხორვატიის დედაქალაქში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერსაც ვიხილავთ, რომლის პირველი მეტოქეც ჩინელი შაოტონგ იუანი იქნება. თუკი მანამდე, ორივე წარმატებით იარა, ზაალიშვილისა და რინერის გზები ნახევარფინალში იკვეთება.
ქალთა შეჯიბრში მარიამ ჭანტურია (70 კგ.) გაბონელ კარენე აგონო ვორას გაეჯიბრება, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – ლიტველ სანტა პაკენიტეს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე იწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.